ზაზა გაბუნია: დეცენტრალიზაციის რეფორმის მსვლელობისას მთავარ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ხელმძღვანელობით, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განმხილველი საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში პარლამენტარებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს რეგიონული განვითარების, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების მოადგილეებმა, ასევე, ექსპერტებმა.
“ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. ჩვენ ვიმსჯელეთ დეცენტრალიზაციის სტრატეგიის მეორე მიზანზე, რომელიც თავისი მნიშვნელობით ყველაზე საყურადღებო და ფუნდამენტურია. შევთანხმდით, რომ შეიქმნება ქონებრივი დეცენტრალიზაციის სამოქმედო გეგმაც, ასეთი დოკუმენტი სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს. სამუშაო სხდომაზე განისაზღვრა ქონების ის სია, რომელსაც უკვე გადასცემს ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობას, რაც უკვე წარმატებული ნაბიჯია, რადგან ეს არის ფუნდამენტური დეცენტრალიზაციის რეფორმის მსვლელობისას და ამ მთავარ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით. მე მინდა, მადლობა ვუთხრა რეგიონული განვითარების, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროებს“,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მისივე თქმით, ქალაქების განვითარებისთვის ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია და სწორედ ამიტომ, ცალკე იქნა გამოყოფილი ეს საკითხი და სამი კვირის წინ მისი ინიციატივით გაიმართა ფორუმი, რომელიც სწორედ სტრატეგიის მეორე მიზანს, მატერიალურ და ფინანსურ საკითხებს უკავშირდებოდა.
“ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ინსტიტუციური დიალოგის ფორმატში მსჯელობისთვის მოვიწვიეთ ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის და მთავრობის წევრები და კერძო სექტორი. ვფიქრობ, ეს იყო მნიშვნელოვანი დღე, რადგან ამ საკითხზე ამ დონის დისკუსია არ შემდგარა იქამდე და ვთვლი, რომ ეს ფართო წარმომადგენლობითი მსჯელობა გამოიღებს კიდეც თავის ნაყოფს და ეს ნაყოფი სახეზეა, მათ შორის დღევანდელ სხდომაზე. ჩვენი მიზანია გავაჩინოთ მცირე/საშუალო ბიზნესის და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობის შესაძლებლობები, რადგან სწორედ ამ ფუნქციის შესრულებით მიაღწევს მუნიციპალიტეტი ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს. მუნიციპალიტეტების და ბიზნესის თანამშრომლობა კი შესაძლებელია, მაშინ როცა ადგილობრივი ხელისუფლება განკარგავს ადგილობრივ ქონებას და კაპიტალს. მუნიციპალიტეტებმა უნდა შეძლონ თავიანთი საშუალო და გრძელვადიანი განვითარების პოლიტიკის დაგეგმვა და ეს შეუძლებელი იქნება თუ მათ არ ექნათ საამისო რესურსი, კაპიტალი, ფინანსური შემოსავლები და სხვა. და რადგან ჩვენ ადგილობრივ თვითმმართველობას ვაღიარებთ, როგორც მმართველობის კონსტიტუციურ სისტემად, მაშინ მას უნდა მივცეთ კიდეც განვითარების სრულფასოვანი შესაძლებლობები. ცხადია, 1 წელიწადში შეუძლებელია ყველა პრობლემის გადაჭრა და ყველა საჭირო რესურსის გადაცემა. ეს არც იქნებოდა სწორი, მაგრამ ჩვენ ეს პროცესი უნდა დავიწყოთ კარგად გაწერილი სამოქმედო გეგმის პირობებში, რომ მივიღოთ ევროპული დონის მუნიციპალიტეტები. მიზანიც ეს არის, არა საშუალო დონის და ფორმალური კრიტერიუმების საფუძველზე, არამედ ნამდვილი თვითმმართველობა, ევროპული სტანდარტის ქალაქები“, – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.
ცნობისთვის, დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განმხილველმა საპარლამენტო სამუშაო ჯგუფმა მეხუთე სხდომა გამართა. რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის და ჯგუფის ხელმძღვანელის ზაზა გაბუნიას განცხადებით, ახლო პერიოდში დეცენტრალიზაციის რეფორმასთან მიმართებით საპარლამენტო ჯგუფის მთავრობისადმი რეკომენდაციები გამოქვეყნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები