არქიტექტორი ორანჟერეის პროექტზე: ეს “მწვანე არქიტექტურის” ერთ-ერთი ნიმუშია

არქიტექტორ ლევან ბერიძის თქმით, მრავალფუნქციური ორანჟერეა, რომლიც დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ გაშენდება, “მწვანე არქიტექტურის” ერთ-ერთი ნიმუშია. ამის შესახებ ლევან ბერიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
არქიტექტორი ორანჟერეის პროექტს დადებითად აფასებს.
„დავიწყოთ იმით, თუ რა ადგილას მდებარეობს ეს ობიექტი. საერთოდ, დიღმის ტყე-პარკი დიდი ხანია, არის მწვანე ნარგავების ზონა, ირგვლივ მდებარე სახლებისთვის ფილტვებია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მხრივ. მართალია, ეს ტერიტორია, ახლა რაც არის, იურიდიულად, ტყე-პარკის ზონას არ მიეკუთვნება, მაგრამ, ფაქტობრივად, იმყოფება ამ არეალში. ამიტომ, იქ ავტოპროფილაქტიკის ფუნქციონირება, რა თქმა უნდა, არ იყო მიზანშეწონილი.
რაც შეეხება ორანჟერეის ობიექტის დაპროექტებასა და მშენებლობას – რა თქმა უნდა, ამას მივესალმები. ეს ის შემთხვევაა, როცა აღებული იქნება ისეთი ობიექტი, როგორიცაა ავტოპროფილაქტიკა და რეკრეაციული ზონა შეიქმნება, შეერწყმება დიღმის ტყე-პარკს.
მე რაც ვნახე – მისაღებია ის გადაწყვეტა, რომელიც გაკეთებული აქვთ. ჯერ ერთი, ფუნქციონალურად კარგადაა გააზრებული. ტყე-პარკის ზონის არეალში, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მოეწყოს შენობა-ნაგებობა, რომელიც იქნება კულტურულ-დასასვენებელი ზონა. ისიც მისასალმებელია, რომ მწვანე ზონა არა მარტო ირგვლივ გაკეთდება, არამედ ორანჟერეის ფუნქციას ატარებს, იქნება ზამთრის ბაღი, შიგნითაც იქნება გამწვანებული“, – განაცხადა ლევან ბერიძემ.
როგორც არქიტექტორმა აღნიშნა, ორანჟერეის პროექტი არქიტექტურულად ძალიან მიმზიდველია.
„საინტერესო სივრცეებია. მე ვიტყოდი, ინტერიერი ძალიან კარგად გამოიყურება. სიბრტყეები გადადის სხვადასხვა განზომილებაში. არქიტექტურულად ძალიან მიმზიდველია.

ეს არის “მწვანე არქიტექტურის” ერთ-ერთი ნიმუში, რომელიც მთელ მსოფლიოში უამრავია. ჩვენთან ეს თითქმის არ არის. მწვანე არქიტექტურა არ არის ის, რომ მწვანე ნარგავი დავრგოთ შენობაში. ეს მთელი ფილოსოფიაა, რომელიც მოიცავს მთელს ღონისძიებებს, რომლებიც აჯანსაღებს თავად შენობას, მის გარემოს, ასევე, ირგვლივ მდებარე ტერიტორიას. ეს სხვადასხვა ღონისძიებისგან შედგება. როგორც ვნახე, აქ თითქმის ყველაფერი გათვალისწინებულია.
რაც შეეხება ირგვლივ მდებარე ტყე-პარკს – იქ, უბრალოდ, ხეებია, მოვლილი არ არის. უნდა ითქვას, რომ თბილისის მიწათსარგებლობის ახალი გენგეგმით გათვალისწინებულია 5 პარკის მშენებლობა. დიღმის ტყე-პარკიც შეტანილია ამ ხუთეულში. ანუ ეს გასათვალისწინებულია გენგემით . ამაზე, ალბათ, უნდა გამოცხადდეს საპროექტო კუნკურსი და დამუშავდეს პროექტი, შემდეგ მოეწყოს თანამედროვე პარკი.
ჩემი დამოკიდებულება ორანჟერეის პროექტის მიმართ დადებითია. თუ ამ სახით განვითარდება ეს ყველაფერი, ეს მხოლოდ მისასალმებელია”, – განაცხადა არქიტექტორმა.
შეგახსენებთ, რომ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ მრავალფუნქციური ორანჟერეა მოეწყობა. აღმაშენებლის ხეივანთან მდებარე ტერიტორიაზე, ამჟამად, “კია მოტორსის” ავტომომსახურების ცენტრი მდებარეობს. კომპანია “ანაგმა” ეს ცენტრი სწორედ ორანჟერეით უნდა ჩაანაცვლოს. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე არცერთი ხე მოიჭრება, პირიქით, ამ ადგილას არაერთი ახალი, მათ შორის, ეგზოტიკური მცენარე უნდა დაირგოს. პროექტის ავტორი კომპანია „სტუდია 9-ის” საპროექტო სამსახურის მთავარი არქიტექტორი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი – მამუკა ჩხაიძეა.
მრავალფუნქციური ორანჟერეა ლანდშაფტურ-დასასვენებელი სივრცეა, რომელიც საგამოფენო დარბაზს, საკონცერტო-თეატრალურ სცენასა და არაერთ საინტერესო ობიექტს აერთიანებს.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები