ერთი ლამაზი დღე ლამაზ ხარაგაულში – „პიონერფილმის“ 60 წლის იუბილეს უამრავი ადამიანი დაესწრო

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურულმა თეატრმა და ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლმა ერთობლივ  საღამოს უმასპინძლეს.
ლიტერატურული სპექტაკლი „მარადიული პიონერფილმელი, გრიშა მასწ…“ თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სტუდია „პიონერფილმის“ 60 წლის იუბილეს და მის ხელმძღვანელს, რეჟისორს, თეატრმცოდნეს, ოპერატორს, ჟურნალისტს, მრავალ თაობათა აღმზრდელ გრიგოლ ჩიგოგიძეს მიეძღვნა.
ლიტერატურული თეატრის მსახიობმა იზა ვეფხვაძემ დარბაზში შეკრებილთ გრიგოლ ჩიგოგიძის ცხოვრებისა და საქმიანობის მნიშვნელოვანი ეპიზოდები უამბო.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: „პიონერფილმის“ ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე და სტუდიის წევრები – ელენე აფაქიძე, ლეონ შავიტი, თეკლა გველესიანი, თამუნა ზარნაძე და ნიკა ზუბაშვილი.
„პიონერფილმის“ აღსაზრდელმა ნიკა ზუბაშვილმა გრიშა მასწავლებელს სტუდიის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ  „პიონერფილმი“ მისი მეორე სახლია, ერთი დიდი ოჯახია, სადაც მოსწავლეებს ყველაფერი აქვთ, რათა ბედნიერები და წარმატებულები იყვნენ.
გრიგოლ ჩიგოგიძის მოწვევისა და „პიონერფილმის“ საიუბილეო ღონისძიების ხარაგაულში აღნიშვნისთვის იზა ვეფხვაძეს მადლობა გადაუხადა გურიიდან მობრძანებულმა სტუმარმა ნოე ჩიგოგიძემ, ხარაგაულის საკრებულოს წევრმა იუზა კელენჯერიძემ, მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ.

გრიგოლ ჩიგოგიძე, „პიონერფილმის“ დირექტორი:

„პიონერფილმის“ წარმომადგენლები ხარაგაულში ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორის მაია ბლუაშვილისა და რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორისა და მსახიობის იზა ვეფხვაძის მიწვევით ვიმყოფებოდით.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან დიდი ხნის კონტაქტი გვაქვს, 5 წლის წინ 12 ბავშვით ვიყავით ჩასულები და ჩამოვაყალიბეთ „კინოქალაქი სინემა ხარაგაულში“, გადავიღეთ მრავალი ფილმი იქაურ მოსახლეობაზე, სოფლებზე, ადამიანებზე. ჩავატარეთ ღონისძიებები.
შემდეგ, 2 ივნისს, ქალბატონ იზა ვეფხვაძის სპექტაკლს – „მუდმივი პიონერფილმელი გრიშა მასწ“ – უმასპინძლა თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ.  რეჟისორმა, ავტორმა და  მსახიობმა იზა ვეფხვაძემ იგივე სპექტაკლი წარმოადგინა ხარაგაულში.
მან გადაწყვიტა, ეს სპექტაკლი სხვადასხვა რაიონში ჩაატაროს. ეს არის არა მარტო „პიონერფილმის“, არამედ მთელი სასახლისთვის ძალიან დიდი ამბავი. ამიტომ სიამოვნებით ვესტუმრეთ მეორედ ხარაგაულს. დავათვალიერეთ რაიონი და მრავალი სამახსოვრო ფოტოთი გავამდიდრეთ სასახლის არქივი.
ეს იყო ერთი ლამაზი დღე ლამაზ ხარაგაულში. რეზო თაბუკაშვილის თეატრის დარბაზი გადავსებული იყო ხალხით,  მთელი რაიონი  ჩვენთან იყო.
ბავშვებს შეხვდა ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე ქალბატონი მანანა ბარბაქაძე, რომელმაც ბავშვებს პატარა სუვენირები გადასცა. ასევე, გულითადი მასპინძლობა გაგვიწია ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა ნიკო მაჭავარიანმა.
ხარაგაულში პოპულარული გახდა ნიკა ზუბაშვილი, რომელსაც ჩაპლინის ტანსაცმელი ეცვა, ჯოხს ხან ერთ მხარეს დაიჭერდა, ხან მეორე მხარეს. ქუჩაში მას ყველა სთხოვდა ერთობლივი ფოტოს გადაღებას,  ბოლოს, წამოსვლისას, ხარაგაულის შესასვლელში ორ 7-მეტრიან დევის ქანდაკებასთან გადავიღეთ სამახსოვრო ფოტოები.
რესტორან „ეიფელის“ კოშკების ქვეშ მივირთვით ხარაგაულის უგემრიელესი ხაჭაპურები. ქალბატონმა იზამ და ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ სოფელ ფარცხნალზე ფილმის გადაღება. ამ სოფელში მრავალი ცნობილი მეცნიერი დაიბადა. აქ ერთი წელი მუშაობდა პედაგოგად გალაკტიონი.
მოკლედ, ძალიან დიდი გეგმები დავსახეთ. განსაკუთრებით მხიარული იყო მატარებლით მგზავრობა. საერთოდ გეტყვით, რომ „პიონერფილმთან“ მიყვარს მუდამ ყოფნა და ბავშვებსაც უყვართ ჩვენი სტუდია“.

ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლისა და თბილისის მოსწავლეთა ეროვნული სასახლის სტუდია „პიონერფილმის“ მეგობრობა 2014 წელს ერთობლივი პროექტით „კინოქალაქი სინემა ხარაგაულში“ დაიწყო. მეგობრობა და თანამშრომლობა დღემდე გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები