ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული დარბაზი „ირლანდიური პოეზიის“ საღამოს უმასპინძლებს

14 ივნისს, 18.30 საათზე, ქართულ-ირლანდიური ცენტრი (ნანა შალამბერიძე) და ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზი ბლუმსდეის საერთაშორისო ფესტივალისადმი მიძღვნილ საღამოს – ,,ირლანდიურ პოეზიას“ უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, მკითხველების მონაწილეობით წარმოდგენილი იქნება ჯეიმზ ჯოისის, უილიამ იეიტსის, ჰინის მულვიჰილის და სხვა ირლანდიელი პოეტების შემოქმედება. ფესტივალს მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. მესამე წელია, ამ დღეს ეროვნული ბიბლიოთეკაც სხვადასხვა ღონისძიებით უერთდება.
ყოველი წლის 11-16 ივნისს, ირლანდიური პოეზიისა და ლიტერატურის მოყვარულები დიდ ლიტერატურულ ფესტივალს მასპინძლობენ, რომელიც ორი სახელოვანი ირლანდიელის, პოეტის უილიამ იეტსისა და მწერალ ჯეიმზ ჯოისის შემოქმედებას უკავშირდება. როგორც ვიცით, „ულისეს“ პირველი თარგმანი ნიკო ყიასაშვილს ეკუთვნის. ხშირად, ნაწარმოების პირველი ნაწილი მკითხველს სრული თარგმანი ეგონა, მისი მეორე ნაწილი კი „მნათობში“ იბეჭდებოდა. ნიკო ყიასაშვილის თარგმანი შეავსო და მოამზადა მაია ყიასაშვილმა. „ულისეს“ სრული გამოცემა ქართველმა მკითხველმა 2002 წელს იხილა (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა).
13 ივნისი გამოჩენილი მწერლისა და პოეტის, დრამატურგისა და მოაზროვნის, ნობელიანტის, უილიამ ბატლერ იეიტსის დაბადების დღეა. იეიტსი პირველი ირლანდიელია, რომელიც ნობელის პრემიით დაჯილდოვდა. ამიტომაც, ცნობილი ფესტივალი „ბლუმსდეი“ 11ივნისს იწყება და 16 ივნისს, „ულისეს“ კითხვით, საზეიმოდ სრულდება.
16 ივნისი ჯეიმზ ჯოისის მოყვარულებისთვის დიდი დღეა, Bloomsday, რომელიც პირველად 1904 წელს აღინიშნა. მოგეხსენებათ, სწორედ ამ დღეს დაიწყო მისი რომანის პერსონაჟის, ლეოპოლდ ბლუმის მოგზაურობა. დღეს ამ თარიღს მთელს მსოფლიოში „ულისეს“ კითხვის საჯარო სეანსებით, ირლანდიელი შემოქმედების გაცნობით, მათ შორის, ინტერნეტლექციებითა და ლიტერატურული შეხვედრებით აღნიშნავენ. ამ დღეს, მწერლები დუბლინსაც სტუმრობენ და ლეოპოლდ ბლუმის მარშრუტს პირადი გამოცდილებით ეცნობიან. ნაწარმოებში იმდენად დეტალურად არის აღწერილი ირლანდიის დედაქალაქი, რომ დანგრევის შემთხვევაში, მისი აღდგენა ამ წიგნის მიხედვით შეიძლება. ბლუმსდეის აღსანიშნავად, მსოფლიოში ხუთთვიანი ფესტივალიც გაიმართა.
საღამო გაიმართება ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში. დასწრება და მონაწილეობა მსურველებისთვის თავისუფალია!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები