ნიკოლოზ მჟავანაძე: ხიდაშელს ვატყობ, როდესაც რაღაც პოზიცია აქვს, გუნდურობის წესს არღვევს

„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ეხმაურება თინა ხიდაშელის განცხადებას, რომლის მიხედვითაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მარიხუანისა და სხვა ნარკოტიკის მომხმარებლების დასჯას არასწორად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მარიხუანის მოხმარებაზე სასჯელი საერთოდ არ უნდა იყოს. როგორც მჟავანაძემ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, თინა ხიდაშელს რაიმე საკითხზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება საპარლამენტო უმრავლესობისგან დამოუკიდებლად სჩვევია.
მჟავანაძის თქმით, ხიდაშელის ამჟამინდელი განცხადებაც მხლოდ მისი პირადი მოსაზრებაა და ის არ შეესაბამება მმართველი გუნდის პოზიციას.
„თინა ხიდაშელს სჩვევია მის მიერ გაკეთებული განცხადებების შეცვლა და არ გამიკვირდება მის ამ განცხადებაში ახლაც კორექტივების შეტანა მოინდომოს. ხიდაშელს ვატყობ, რომ როდესაც რაღაც პოზიცია აქვს, გუნდურობის წესს არღვევს. როდესაც რაღაც პოზიცია გაქვს, შენს გუნდთან უნდა შეათანხმო. უმრავლესობის წევრი უნდა მოერიდოს მსგავსი განცხადებების გაკეთებას. მე ვთვლი, რომ ეს არის თინა ხიდაშელის პირადი მოსაზრება, უმრავლესობის მხრიდან მარიხუანის დეკრიმინილიზაციის მხარდაჭერის პოზიცია არ მომისმენია“, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
მისივე თქმით, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის საკითხი შესაწავლას საჭიროებს და ამ გადაწყვეტილების მიღება ჯერჯერობით ადრეა.
„დეკრიმინალიზაცია და ლეგალიზაცია ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ. თუ მარიხუანის ნარკოტიკული ნივთიერებების დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს, მაშინ ისმის კითხვა, საიდან უნდა შეიძინოს ადამიანმა ის, თუ არ იქნება ლეგალიზაციაც. ხელაღებით თქმა, რომ ნარკოტიკის მოხმარებისთვის პირის პასუხისგებაში მიცემა უნდა გაუქმდეს, არასწორია. ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიციის დფიქსირება მართებთ მეცნიერებს და ამ დარგის სისხლის სამართლის სპეციალისტებს. ხელაღებით ვერ დავუჭერდი მხარს იმას, რომ ამ მიმართულებით საერთოდ პასუხისმგებლობა მოიხსნას. ამან, შესაძლოა, გამოიწვიოს, რომ არასრულწლოვნები ნარკოტიკული საშუალების მოხმარებით დაკავდნენ და მივიღებთ სურათს, რაც იყო 90-იან წლებში. ნარკოტიკული საშუალების მიღებამ მთელი თაობა მოსპო. დეკრიმინალიზაციით არ არის გამორიცხული, რომ მწვანე შუქი ავუნთოთ ახალგაზრდებს. სხვა ქვეყნებს ნუ ვბაძავთ, რადგან ისინი ჩვენთან შედარებით ბევრად წინ დგანან“, – აღნიშნა მჟავანაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თინა ხიდაშელის განცხადებით, მარიხუანასა და სხვა ნარკოტიკის მომხმარებლების დასჯა არასწორია. „სასჯელი საერთოდ არ უნდა არსებობდეს მარიხუანას მოხმარებაზე. სისხლის სამართლის დანაშაული არ უნდა იყოს. იმ ადამიანების კატეგორიას ვეკუთვნი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არანიარი ნარკოტოკის მომხმარებელი ციხეში არ უნდა ჯდებოდეს, თუმცა ეს არ ეხებათ ე.წ. ბარიგებს. ეს ცალკე თემა და საკითხია. მარტო მე ვერ შევცვლი ამ კანონს. არ მაქვს ინფორმაცია, რომ ბევრი დეპუტატი ფიქრობს ჩემსავით. ამნისტიის ამბავი შემიძლია, გავიხსენო. ამ პერიოდში ორჯერ მომიხდა გამოსვლა პარლამენტში იმისთვის, რომ ამნისტია ნარკოტიკის მომხმარებლებსაც შეჰხებოდათ. ამ მუხლზე დიდი ხანი გავიჭედეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გავჩერდეთ და ინიცირება არ უნდა მოვახდინოთ. შეიძლება, იმის მერე შეიცვალა რამე“,- განაცხადა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები