ზურაბ აბაშიძე: ლუგარის ლაბორატორიის კარი ღიაა ყველა ქვეყნის, მათ შორის რუსი მეცნიერებისა და ექსპერტებისთვის

0

ლუგარის ლაბორატორიის კარი ღიაა ყველა ქვეყნის, მათ შორის რუსი მეცნიერებისა და ექსპერტებისთვის, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთს კრიტიკული მოსაზრებები აქვს, ამიტომ მათ შეუძლიათ, ჩამოვიდნენ და ობიექტი მოინახულონ.
„იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მხარე გამუდმებით აყენებს კრიტიკულ კონტექსტში საკითხს ე.წ. ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ აღნიშნული ცენტრის კარი ღიაა ყველა ქვეყნის, მათ შორის რუსი მეცნიერებისა და ექსპერტებისთვის”,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი მიესალმება ქართული მხარის წინადადებას, რომ რუს ექსპერტებს ლუგარის ლაბორატორიის მონახულების შესაძლებლობა ექნებათ. კარასინის თქმით, სპეციალისტები დაინტერესებული არიან ლაბორატორიის ფუნქციონირების შესწავლით, კითხვების დასმით და პასუხების მიღებით.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინს შორის პრაღაში შეხვედრა 13 ივნისს გაიმართა.
წყარო: 1tv.ge

კომენტარები

კომენტარი