კახა კალაძე: მშენებლობებზე უბედური შემთხვევები შემცირებულია, მაგრამ ასეთი ფაქტები ნულამდე უნდა დავიყვანოთ

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, მშენებლობებზე სტატისტიკის მიხედვით, უბედური შემთხვევები შემცირებულია, თუმცა მისივე განცხადებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შედეგი მიღწეულია. ​
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, უბედური შემთხვევა შესაძლოა უსაფრთხოების დაცვის დროსაც მოხდეს, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ნულამდე იყოს დაყვანილი ასეთი ფაქტები. „მარტო ჯარიმა არ არის გამოსავალი, თუმცა იმ რეგულაციების შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ და გავამკაცრეთ, თუ გადავხედავთ სტატისტიკას, რა თქმა უნდა, შემცირებულია უბედური შემთხვევები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივაღწიეთ იმ შედეგს, რასაც გვინდა მივაღწიოთ. უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ნულამდე დავიყვანოთ უბედური შემთხვევები. მე ისიც კარგად მესმის, რომ შეიძლება ყველანაირი უსაფრთხოება იყოს დაცული, მაგრამ უბედური შემთხვევა მაინც მოხდეს, მაგრამ ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ჩვენ მივიღებთ მათი მხრიდან შენიშვნებს, მოსაზრებებს და ეს თემა იქნება აუცილებლად მოგვარებული. ამ პროცესში ჩართულია ცენტრალური ხელისუფლება პრემიერის ხელმძღვანელობით. ჩართულია პარლამენტი, ბიზნესომბუდსმენი იყო მოწვეული და ყველა უწყება ერთიანი კორდინაციით შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას. ძალიან მნიშვნელოვანი არის მშენებლობებზე დასაქმებული ადამიანების უსაფრთხოება. დედაქალაქის მერიამ რეგულაციებიც კი გაამკაცრა, რომ მაქსიმალურად იყოს ადამიანების უსაფრთხოება დაცული. კანონში განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები. დღეს გვქონდა შეხვედრა დეველოპერებთან, სამშენებლო სექტორთან. თითოეულმა მათგანმა უნდა გაითავისოს, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უსაფრთხოება, დაცულობა, ძალიან ბევრია შემთხვევები მშენებლობებზე ჩაფხუტის გარეშე მომუშავე ადამიანები, მაღალ სართულზე, ფასადზე მომუშავე ადამიანები შესაბამისი დასაბმელი თოკების გარეშე. უამრავია ასეთი შემთხვევა. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ იყოს ზედამხედველი, ვინც უსაფრთხოების მიმართულებით იზრუნებს ამ ყველაფრის მოწესრიგებაზე”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები