„ვილნიუსის სცენები – ვან დაიკის ყავისფერი პრინტები” – ფოტოგამოფენა გაიხსნება

12 ივნისს, 18:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმი საულიუს პაუკშტისის ფოტოგამოფენას – „ვილნიუსის სცენები – ვან დაიკის ყავისფერი პრინტები“ – უმასპინძლებს.
გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით ტარდება.
ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს ინფორმაციით, გამოფენას სიმბოლურად შეიძლება დროის მანქანაც ეწოდოს – გამოსახულებები ერთმანეთთან აკავშირებენ წარსულსა და მომავალს და ქმნიან უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც ისტორიულ მეხსიერებასა და დღევანდელი ფოტოგრაფიის მიერ მოთხრობილ ამბებს აერთიანებს.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ფოტოები, რომლებიც ასახავენ ვილნიუსის შენობებსა და კომპოზიციებს შუა საუკუნეებიდან, დაბეჭდილია ვან დაიკის უნიკალური ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელიც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში დაპატენტდა. ხელნაკეთი ქაღალდი იფარება ვერცხლის ნიტრატის შემცველი ემულსიით, რომელიც შემდგომ თავსდება ულტრაიისფერი გამოსხივების ქვეშ. ეს ტექნოლოგია მგრძნობიარეა ქიმიური ნივთიერებების პროპორციებისა და ქაღალდის ხარისხის მიმართ. ამ კომპლექსური პროცესის დამსახურებით, თითოეული პრინტი უნიკალურია და ქაღალდის ტექსტურა მათ თითქოს გრაფიკული ნამუშევრების იერსახეს აძლევს.
გამოფენა 18 ივნისამდე გასტანს.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობისთბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა #8.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები