მხედრები გარეჯისკენ მიემართებიან – უდაბნოში სახალხო დღესასწაული „გარეჯობა“ გაიმართება

13 ივნისს, 12:00 საათზე, სოფელ უდაბნოში სახალხო დღესასწაული – „გარეჯობა“ გაიმართება.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ უდაბნოსთან, დავით-გარეჯის მონასტრის მიმდებარედ, საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარ ეპისკოპოს-მეუფე ლუკას ლოცვა-კურთხევით, აღინიშნება სახალხო დღესასწაული „გარეჯობა 2019“ და რელიგიური დღესასწაული – მამადავითობა – დავით გარეჯელის სახელობის დღესასწაული, რომელიც იმართება ამაღლებიდან პირველ ხუთშაბათს.
„გარეჯობა-2019“ – გარეჯის სახალხო დღესასწაული დავით-გარეჯის დიდ სამონასტრო კომპლექსთან XX საუკუნის 70-იანი წლებიდან იმართება. 1988 წლის შემდეგ, ეს დღესასწაული მხოლოდ ერთხელ, 1997 წელს მცირე მასშტაბით აღინიშნა. საგარეჯოს მუნიციპლიტეტის მერიის, საკრებულოსა და მაჟორიტარის ბიუროს ორგანიზებით, აღნიშნული დღესასწაული 2018 წლის 21 მაისს აღდგა, როგორც მუნიციპალიტეტის სახალხო დღესასწაული.
გარეჯობაზე დასასწრებლად, 50 მხედარი თუშური სათემო და ხევსურული საბრძოლო დროშებით საგარეჯოში იკრიბება. ისინი 13 ივნისს დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმართულებით დაიწყებენ მსვლელობას სლოგანით  – „დავით-გარეჯი საქართველოა“.

13 ივნისის დღის წესრიგი:
9:00-12:00, აღევლინება საზეიმო წირვა;
წირვის დასრულების შემდეგ, 12:00 საათიდან „გარეჯობა 2019“-ის სახალხო დღესასწაული გაიმართება.
დღესასწაულის ფარგლებში მოეწყობა:
ეთნოკუთხე (ღვინის და ტრადიციული, ქართული კერძების გამოფენა);
ტრადიციული დოღი;
შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში;
კომპოზიციური ნაწყვეტი სპექტაკლიდან – „გარეჯულა“;
დასკვნითი, საზეიმო კონცერტი, სადაც ესტრადის ვარსკვლავებიც მიიღებენ მონაწილეობას;
დღესასწაულის დახურვის ღონისძიებაზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დამსახურებულ პიროვნებებს მიენიჭებათ „საპატიო გარეჯელის“ წოდება.
P.S. საგარეჯოს ცენტრალურ მოედანზე, კულტურის სახლის წინ, 10:00 საათიდან მობილიზებული იქნება სამარშრუტო ტაქსები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები