მამუკა ბახტაძე: აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილეზე მიღებული ერთობლივი დეკლარაცია ისტორიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტია
„აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილეზე მიღებული ერთობლივი დეკლარაცია ისტორიული მნიშვნელობის მქონე დოკუმენტია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დოკუმენტი აფასებს სტრატეგიული პარტნიორობის განვლილ 10-წლიან პერიოდში მიღწეულ საერთო წარმატებას და აყალიბებს იმ პოლიტიკურ ხედვას, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობისთვის შემდგომი წლების მანძილზე განმსაზღვრელი იქნება.
“დოკუმენტი მოიცავს ყველა მიმართულებას – უსაფრთხოების საკითხებს, სამხედრო სფეროში თანამშრომლობას, საერთაშორისო პოლიტიკას რეგიონთან მიმართებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოტენციალის რეალიზაციის უზრუნველყოფას, მეტ ამერიკულ ინვესტიციას საქართველოში და ყველა იმ მიმართულებას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ქართული სახელმწიფოსთვის”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.