მერკელი: საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი ნატოს მომდევნო სამიტის თემა არ იქნება
ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი ნატოს მომდევნო სამიტის თემა არ იქნება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღრიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, MAP-ის გარდა სხვა შესაძლებლობებიც არსებობს იმის გამოსახატად, რომ საქართველო არის კარგი პარტნიორი და ნატო ხედავს იმ პროგრესს, რაც საქართველოში არის.
“მე ვფიქრობ, რომ MAP-ის საკითხი ნატო-ს შემდეგი სამიტის თემა არ იქნება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმ პროგრესს რაც არის საქართველოში. ჩვენ ვხედავთ საქართველოს ძალისხმევას მაგალითად ავღანეთში. ნატოს შემდგომი სამიტისთვის ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ თუ როგორ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ საქართველო არის კარგი პარტნიორი და მე ვფიქრობ, რომ MAP-ის გარდა სხვა შესაძლებლობებიც არსებობს ამის გამოსახატად”, – აღნიშნა მერკელმა.
გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ დამატებითი აგრესიის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება.
“მე არ მგონია საერთოდ, რომ რაიმე გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან მიღებული იქნება როგორც მწვანე შუქი დამატებითი აგრესიისთვის. ვფიქრობ, რომ საქართველოს უფრო ინტენსიური ურთიერთობა, პირიქით, მხარდაჭერის ღირსია”, – განაცხადა მერკელმა.