კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე ერთობლივი ტრენინგი გაიმართა

საქართველოს პროკურატურისა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, კორუფციული საქმეების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის თემაზე ქართველი სამართალდამცველებისა და სასამართლო კორპუსის წარმომადგენლებისთვის ერთობლივი ტრენინგი მიმდინარეობს.
სასწავლო კურსი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ გახსნეს. ტრენინგის მიზანი მონაწილეთა კვალიფიკაციის ამაღლება, წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და ქვეყანაში ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერებაა.
სასწავლო პროცესს ევროპის საბჭოს მიერ მოწვეული უცხოელი ექსპერტები უძღვებიან. 2-დღიანი პროგრამის ფარგლებში, ძირითადად, განხილული იქნება: საგამოძიებო ტექნიკა და სტრატეგია, კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძვლები, მტკიცებულებების სტანდარტი და ერთობლიობა, მათი დასაშვებობა სასამართლო ეტაპზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პრევენციული ღონისძიებები და საერთაშორისო თანამშრომლობა.
ტრენინგში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, სასამართლო კორპუსის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები მონაწილეობენ. ტრენინგი ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის“ ფარგლებში არსებული პროექტის “კორუფციის, ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის სისტემების გაუმჯობესება საქართველოში” მხარდაჭერით მიმდინარეობს. ერთობლივი სწავლება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საერთო გამოწვევებზე, აქტუალურ საკითხებზე მსჯელობასა და ერთობლივი მიდგომების ჩამოყალიბებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები