ზაზა ხუციშვილი მიმდინარე და დასრულებულ პროექტებზე: თბილისისთვის ბევრი კარგი საქმე კეთდება

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ზაზა ხუციშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დედაქალაქში დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს გამოეხმაურა.
მან აღნიშნული პროექტების მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა.
„ალბათ, ქალაქის სტუმრებსაც და, განსაკუთრებით, თბილისელებს ახარებს ორბელიანის მოედნის ახალი იერსახე. მართლაც შესანიშნავი სანახაობა არის, გალამაზებული და, რაც მთავარია, მოკლე დროში, რაც ეს პროექტი დასრულდა, უკვე სიცოცხლით სავსე გახდა ეს მოედანი, დაიბრუნა სიცოცხლე.
მინდა, მადლობა გადავუხადო, პირველ ყოვლისა, თბილისის მოსახლეობას, განსაკუთრებით იმ უბნელებს, ვინც მოთმინებით ელოდა სამუშაოების დასრულებას და მოგეხსენებათ, რა თქმა უნდა, ყველა დიდი პროექტი მოითხოვს ჩვენგან მოთმინებას და გარკვეულ დისკომფორტსაც იწვევს, მაგრამ მინდა, სურვილი გამოვთქვა, რომ ამას ყოველთვის გაგებით მოვეკიდოთ იმიტომ, რომ კეთდება ძალიან ბევრი კარგი საქმე ჩვენი ქალაქისთვის.
მინდა, მადლობა გადავუხადო ქალაქის მერს, კახა კალაძეს და მის გუნდს, რომელმაც მართლაც შესანიშნავი სამუშაო გაწია.
მინდა, გამოვყო კიდევ აეროპორტის გზა. ძალიან სწორად იყო გათვლილი ის ამბავი, რომ ჯერ, პირველ ყოვლისა, მიმდებარე გზები მოწესრიგდა, ანუ შემოვლითი გზები, რამაც, პრაქტიკულად, შეუფერხებელი გახადა მოძრაობა აეროპორტის მიმართულებით და თვითონ ეს გზა ფუნდამენტურად კეთდება, ანუ საკმაოდ ღრმად მიწის ჩასული სამუშაოები მიდის იმისათვის, რომ მომავალში გაკეთებული პროექტი უფრო მედეგი იყოს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სააკაძის მოედანი. მინდა, მივაპყრო თქვენი ყურადღება, კოლეგებო, იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასფალტის საფარი და შესაბამისად სავალი ნაწილი შემცირდა, მიმართულებების მოწესრიგების ხარჯზე, აქ საცობი აღარ იქმნება.
ანუ ყოველთვის გამავლობა, უპირველესად, ყოველთვის მოწესრიგებულ მოძრაობაზეა დამოკიდებული და არა – გზის სიფართოვეზე, ესეც ნათელი მაგალითია და, გარდა ამისა, ეს მოედანი გამწვანდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და სხვა კუნძულებზეც, სადაც ადრე ფილა იყო დაგებული, მწვანე საფარია გაკეთებული.
კარტოზიასა და ცინცაძის კვანძი, რომელიც ძალიან ავარიასაშიში იყო და უამრავი შემთხვევა მოხდა, გამწვანდა და მოწესრიგდა და, ასევე, პრაქტიკულად, არანაირი საცობი იქ აღარ იქმნება. ვაშლიჯვრის კვანძი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ლისიდან ჩამომავალი მანქანების ნაკადი დასავლეთით უკვე შეუფერხებლად გავა სულ მალე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც მინდა, შევეხო, ეს არის ჭავჭავაძის გამზირი. აქაც მინდა, მოსახლეობას მოთმინებისკენ მოვუწოდო. სკეპტიკურად არის განწყობილი ნაწილი მოქალაქეებისა, იყო თუ არა ეს აუცილებელი სამუშაო. მინდა გითხრათ, რომ, თითქოს, ასფალტის საფარს თუ შეხედავ შეიძლება, იფიქრო, რომ არაფერი საგანგაშო არ არის, თუმცა მერწმუნეთ, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები ჭავჭავაძის გამზირზე ისეთ დღეშია, თუ დაუყოვნებლივ ეს სამუშაოები არ შესრულდა, მომავალში გზის საფარსაც და იქ რამდენიმე შენობას შესაძლოა, შეექმნას პრობლემა, იმდენად დიდი არის გამდინარე წყლების ნაკადი და იმდენად მოუწესრიგებელია კომუნიკაციები.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მომავლის პროექტია და, ასევე, ძალიან გვახარებს – განსაკუთრებით მე, როგორც ვაკის მესამე ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს – ეს არის უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან ბაგებში გარდამავალი საცალფეხო ხიდის პარალელური საავტომობილო ხიდი, რომელიც, პრაქტიკულად, საბურთალოს ზედა ნაწილს, ვაჟა-ფშაველას კვარტლებს ბაგების, ვაკისა და წყნეთის მიმართულებას უფრო მოკლე გზით დააკავშირებს და ძალიან სერიოზული განტვირთვა იქნება ამ მიმართულებით, უკვე წელს ჩადებული არის რამდენიმე მილიონი მოსამზადებელი და საპროექტო სამუშაოებისათვის. ბოლოს ისევ ორბელიანის მოედანს რომ მივუბრუნდეთ, მინდა გითხრათ, რომ იქ ისტორიულად იყიდებოდა ყვავილები და მიხარია, რომ სიცოცხლით სავსე მოედანი მალე ისევ ყვავილებით სავსე იქნება“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები