კახა კალაძე: ის მიდგომები, რაც წლების განმავლობაში იყო, რომ ვაშენო სადაც მინდა და როგორც მინდა, ნამდვილად არ გამოვა

„თბილისის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ასევე, უნდა გაიზარდოს ინტერესი ამ ეტაპზე ნაკლებად განვითარებული სექტორებისა და ქვესექტორების მიმართ, რომლებსაც ზრდის კარგი პოტენციალი აქვთ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ის მიდგომები და დამოკიდებულებები, რაც წლების განმავლობაში იყო, ნამდვილად აღარ იქნება.
„როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკური სექტორების დივერსიფიცირება და ახალი საინვესტიციო მიმართულებების განსაზღვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თბილისის მდგრადი განვითარებისთვის. ეს საკმაოდ საინტერესოა გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის მერიის დაკვეთით, „დელოიტ საქართველომ“ განახორციელა თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევა, რომელიც მოიცავს თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ მიმოხილვას, აქ არსებული სექტორების შეფასებასა და საინვესტიციოდ პრიორიტეტული სექტორების იდენტიფიცირებასა და ანალიზს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, კვლევა მნიშვნელოვანია დედაქალაქის გრძელვადიანი მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისთვის.
„კვლევაში ნათლად გამოჩნდება, რამდენად დიდი რესურსი აქვს ჩვენს ქალაქს. მთავარი და მნიშვნელოვანი რაც არის, უნდა მოხდეს ქალაქის სწორი განვითარება. აღნიშნული პრობლემები გვქონდა წლების განმავლობაში და შედეგიც სახეზეა, თუ როგორ განვითარდა ჩვენი ქალაქი. ვფიქრობ, არავისთვის სასიამოვნო არ არის და არავის მოსწონს ის, თუ რა ხდება დღეს ურბანული განვითარების თვალსაზრისით, შესაბამისად, მთელი რიგი ცვლილებები განვახორციელეთ და ყველაზე მთავარი, რაც გავაკეთეთ, არის განსხვავებული მიდგომები. რა თქმა უნდა, ქალაქი უნდა განვითარდეს, წინ წავიდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად, ხარისხიანად და მიდგომები და დამოკიდებულებები, რაც იყო წლების განმავლობაში, რომ ვაშენებ სადაც მინდა, როგორც მინდა და რამდენსაც მინდა, ნამდვილად არ გამოვა. ეს მიდგომა და დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სამშენებლო სექტორიც და ბიზნესის უკვე გადაეწყო იმ მოთხოვნებსა და მიდგომებზე, რომელიც მერიის მიერ განისაზღვრა.
კახა კალაძე ამბობს, რომ ზუსტად ასე იქნება ქალაქის სწორად განვითარება შესაძლებელი.
თბილისის საინვესტიციო პოტენციალის სექტორული კვლევა კომპანია „დელოიტ საქართველომ“ (Deloitte) თბილისის მერიის დაკვეთით ჩაატარა. კვლევის პრეზენტაცია დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გახსნა.
კვლევის თანახმად, თბილისში საინვესტიციოდ პრიორიტეტულია სტუმარ-მასპინძლობის, ჯანდაცვის, გართობისა და ვაჭრობის, ასევე, ფარმაცევტული და კრეატიული სექტორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები