ბიძინა ივანიშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემს სრული მხარდაჭერა აღუთქვა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ თავმჯდომარე, გიორგი ძნელაძე ერთმანეთს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის სფეროში არსებული სხვადასხვა პრობლემური საკითხისა და გამოწვევის მიმოხილვა იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სტატუსის მინიჭებისა და ქვეყანაში არსებული სამედიცინო მოდელიდან შეზღუდული შესაძლებლობის სოციალურ მოდელზე გადასვლის საკითხს, ვინაიდან სოციალურ მოდელზე გადასვლა ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების განხორციელების, საჭიროებების ადეკვატურად შეფასებისა და შემდგომში, სახელმწიფო პროგრამებსა თუ სტრატეგიებში მათი ასახვის წინაპირობაა.
შეხვედრაზე, აგრეთვე, განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სხვადასხვა სერვისის ხარისხის მიწოდებისა და გაუმჯობესების საკითხებიც.
პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა  ყურადღებით მოისმინა შეხვედრაზე დასმული საკითხები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემს სრული მხარდაჭერა აღუთქვა აღნიშნული საკითხებზე მუშაობაში, რათა მთავრობამ გადადგას დროული, სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და გამოწვევების დასაძლევად.
„კოალიცია და მასში შემავალი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ყველა პროცესში იმისთვის, რომ მთავრობამ მოახდინოს აღნიშნული ვალდებულებების ხარისხიანად შესრულება და ხელი შეეწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის ზრდას, რაც ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მისიაა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები