ირაკლი ღარიბაშვილი: გერმანია-საქართველოს ურთიერთობები ინტენსივობას იძენს

გერმანიასთან თანამშრომლობის სფეროებიდან ჩევნ გამოვყოფდით ეკონომიკას, ვაჭრობას, კულტურას, განათლებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ სფეროებში თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, ვიმყოფებოდე ვიზიტით ბერლინში. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადვუხადო ფედერალურ კანცლერს ანგელა მერკელს მოწვევისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი და მხარდაჭერის კიდევ ერთი ძალიან ნათელი, მკაფიო მესიჯია. დღევანდელი ვიზიტი ძალიან დიდი მნიშვნელობას იძენს საქართველო-გერმანიის ურთიერთობების კონტექსტში. ჩვენს ქვეყნებს მეგობრობისა და თანამშრომლობის ხანგრძლივი ტრადიცია აქვთ. ეს ურთიერთობები როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის ინსტიტუტების ფარგლებში უფრო მეტ ინტენსიურობას შეიძენს. ამ სფეროებიდან ჩევნ გამოვყოფდით ეკონომიკას, ვაჭრობას, კულტურას, განათლებას და თანამშრომლობის ეს სფეროები კიდევ უფრო უნდა დავხვეწოთ.
მოხარული ვარ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, ჩვენი თანამშრომლების გაღრმავების საკითხები. განსაკუთრებით ვაფასებთ გერმანიის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი. ყურადღება გავამახვილეთ ევროკავშირთან ურთიერთობებზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები