ვანში შინდისის გმირის სახელობის ქუჩა გაიხსნა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტისა და უწყების იმერეთის სამმართველოს წარმომადგენლები, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მუქედში იმყოფებოდნენ.
მათ მუნიციპალიტეტის მერთან, ალექსანდრე გოგორიშვილთან, საკრებულოს წარმომადგენლებთან და ადგილობრივ ვეტერანებთან ერთად, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში, შინდისში გმირულად დაღუპული მიხეილ დვალიშვილის სახელობის ქუჩის გახსნის ცერემონიალს დაესწრნენ, მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს და სამშობლოსთვის დაღუპული გმირის ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
„მიხეილ დვალიშვილი 1986 წლის 7 ივნისს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მუქედში დაიბადა. 2003 წელს ქუთაისის სამხედრო ლიცეუმი დაამთავრა, შემდეგ წელს იოანე პეტრიწის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. იქიდან კი სამხედრო სავალდებულო სასწავლებელში გაიწვიეს. 2007 წელს საკონტრაქტოს მოაწერა ხელი და სენაკის მეორე ბრიგადის საინჟინრო ასეულში ჩაირიცხა. როგორც მისი და, თეონა იხსენებს, მიხეილი სამხედრო სამსახურს ვაჟკაცურ საქმეს ეძახდა. ოცნებად ჰქონდა სამხედრო ფორმის ჩაცმა. ძალიან მოსწონდა. მამა აფხაზეთის ომის მონაწილე იყო და მასაც სურდა, სამხედრო პირი გამხდარიყო. ხშირად ვიხსენებთ მის ნათქვამს: ,,ნეტავ როდის გავიზრდები, რომ ფორმა ჩავიცვაო”.
მიხეილ დვალიშვილის სახელი იმ ქუჩას ეწოდა, სადაც ის გაიზარდა. მისი ლექსების კრებულიც გამოიცა, ეს იყო გმირის ერთ-ერთი სურვილი, რომელიც სიცოცხლეში ვერ განახორციელა. „ძმათა საფლავზე ცეცხლი ინთება, შინმოუსვლელი ძმები გახსოვდეთ! დაუბრუნდება ბუდეს მერცხალი, ჩვენ კი ვერასდროს ვერ დავბრუნდებით”_ ეს იყო შინდისის გმირის ბოლო ლექსი, რომელიც დაღუპვამდე რამდენიმე დღით ადრე დაწერა“,- ნათქვამია ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები