ბათუმმა ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული – ტურისტული „ოსკარი“ მოიპოვა

პორტუგალიაში, მადეირაში ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ „ვორლდ თრეველ ევორდსის“ (World Travel Awards) დაჯილდოების ცერემონიაზე გაირკვა, რომ ბათუმმა ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მოიპოვა. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

ჯილდოზე ბათუმი პირველად იყო წარდგენილი და ტიტულის მოსაპოვებლად მას ისეთ ქალაქებთან უწევდა კონკურენცია, როგორებიცაა სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი), კუტნა ჰორა (ჩეხეთი), მოსტარი (ბოსნია და ჰერცეგოვინა) და დერი (ჩრდილოეთ ირლანდია). ბათუმისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს 28 აპრილის ჩათვლით ღონისძიების ოფიციალურ საიტზე შეეძლო. ღონისძიებაზე პორტუგალიაში იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი, მთავრობის დელეგაციის წევრებთან ერთად.

ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება. ჯამში, დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები