„ავიატორ +“-ის დირექტორის მოადგილე საზოგადოებას მოუწოდებს, ყაზბეგში მომხდარ ტრაგედიაზე წინასწარი დასკვნებისგან თავი შეიკავონ

ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის მფლობელი კომპანიის – „ავიატორ +“-ის დირექტორის მოადგილე გიორგი მოლოდინაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, წინასწარი დასკვნებისგან თავი შეიკავონ. როგორც გიორგი მოლოდინაშვილმა სასტუმრო “რუმსში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მომხდართან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში, რამდენიმე აბსურდული ინფორმაცია გავრცელდა. მისივე თქმით, ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების დადგენა, პირველ რიგში, მათ ინტერესებში შედის.

“ეს ქეისი, საერთაშორისო დონისაა. ვერტმფრენი აშშ-ში იყო გამოშვებული, ასევე, მას გააჩნდა მაღალი ტექნოლოგიების ძრავა, რომელიც ფრანგული კომპანიის მიერაა გამოშვებული. ყველა სპეციალისტი ჩაერთვება პროცესში. ამ საქმემ საერთაშორისო მასშტაბი შეიძინა და საერთაშორისო დონეზე ჩატარდება ამ კონკრეტული შემთხვევის კვლევა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენს არ ჰქონდა გარკვეული აღჭურვილობები, საუბარია, შავ ყუთზე. შავი ყუთი ამ კლასის ვერტმფრენისთვის განსაზღვრული არ არის და არც უნდა ჰქონოდა. რაც შეეხება სხვა ტექნოლოგიებს, ვერტმფრენი უმაღლესი კლასის იყო და მას გააჩნდა ძალიან მაღალი კლასის ტექნოლოგიები.

ვერტმფრენმა ტექნიკური დათვალიერება 2019 წლის 22 მაისს გაიარა. ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გვაქვს. ტექნიკური დათვალიერება ჩატარდა ლიცენზირებული, მაღალი დონის კომპანიის მიერ. მთელ პროცესს ზედამხედველობას უწევდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

ასევე გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ მესამე ადამიანი, სასტუმროს თანამშრომელი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, იქ არ უნდა ყოფილიყო და რომ ის წონის დაბალანსების გამო იმყოფებოდა. ბორტზე ის ადამიანი თავისი სურვილით და ცხადია, მფრინავის თანხმობით იყო. აღნიშნული ბორტით დაფრინავდა ყველა თანამშრომელი, მათ შორის მეც. ამაზე სპეკულაცია უნდა დასრულდეს და ანგარიში უნდა გავუწიოთ გარდაცვლილთა ოჯახებს და მათ არასწორი ინფორმაცია არ უნდა მივაწოდოთ. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია და ნუ გააკეთებენ ნაადრევ დასკვნებს მომხდარის, ან სხვა მიზეზების შესახებ.

დაწყებულია დამოუკიდებელი მოკვლევა მოკვლევის ბიუროს მიერ, ჩართული არიან, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი სპეციალისტები. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება ინფორმაციის მოწოდება. ჩვენც გვაინტერესებს, რა მიზეზი იყო. მხოლოდ სპეციალისტების დასკვნების შემდეგ დაიდება შედეგები. მოკვლევა დაადგენს კონკრეტულ მიზეზებს”, – განაცხადა მოლოდინაშვილმა.

კომპანიის დირექტორმა პრესკონფერენციაზე დაღუპულების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

“შპს „ავიატორი +“ ღრმა მწუხარებას გამოხატავს 6 ივნისს სტეფანწმინდაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. კომპანიის მენეჯმენტი თანაუგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს და მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მფრინავი ილიკო ბაიდაშვილი მაღალკვალიფიციური სამხედრო მფრინავი იყო, 20 წელზე მეტი ხნის პროფესიული გამოცდილებით. ის ფლობდა ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობას (ATPL) და გავლილი ჰქონდა საფრენოსნო წვრთნები და სწავლებები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში”, – განაცხადა მოლოდინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები