მარიამ ჯაში: 2020 წლის ივნისში საქართველო ასტროფიზიკისა და კოსმოსური კვლევების პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

„მომავალ წელს, 2020 წლის ივნისში, საქართველო ასტროფიზიკისა და კოსმოსური კვლევების პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. ეს შეხვედრა გახდება ახალი დიალოგის საფუძველი, თუ როგორ შეუძლია საქართველოსა და ჩვენი ქვეყნის მსგავს სახელმწიფოებს საკუთარი როლი შეიტანონ კოსმოსური კვლევების გლობალურ დღის წესრიგში”, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა.

მარიამ ჯაში ვაშინგტონში, კოსმოსის განვითარების საერთაშორისო კონფერენციას (ISDC) დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„დღემდე უსაზღვროდ საამაყოა 40 წლის წინ, ქართული სიმღერის კოსმოსში მოხვედრის ისტორია და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავდივართ კოსმოსურ კვლევებზე მომუშავე ამერიკელ მეცნიერებთან”, – აღნიშნა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

​ვაშინგტონში, წამყვან სამეცნიერო კვლევით ცენტრებში მოღვაწე მეცნიერებთან გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ ქართული მხარის ჩართულობას, ქართული მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის მიზნით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

კონფერენციის ორგანიზატორი აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული ადმინისტრაცია (NASA) და კოსმოსის ეროვნული საზოგადოება (NSS) იყვნენ.

კონფერენციის ფარგლებში, “ერისიონის” ახალი თაობის – ანსამბლ „ჩაკრულოს” კონცერტიც გაიმართა.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნიუ-იორკს ეწვევა, სადაც შეხვედრებს ქართულ საკვირაო სკოლასა და დიასპორის წარმომადგენლებთან გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები