ქეთევან ციხელაშვილი კომპენსაციის საკითხზე: რუსეთმა არ შეასრულა არაერთი სხვა საერთაშორისო ვალდებულება, მათ შორის – სამართლებრივი

„სამწუხაროდ, სამთვიან ვადაში რუსეთის ფედერაციამ  ის ვალდებულება, რომელიც მას სასამართლომ დააკისრა კომპენსაციის გადახდის სახით, არ შეასრულა”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთმა არ შეასრულა არაერთი სხვა საერთაშორისო ვალდებულება, მათ შორის – სამართლებრივი.
“ახლა სასამართლო იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს და უკვე ქართული მხარის თხოვნით მისცა მსვლელობა საქმეს, ჩანიშნა დებატები უახლოეს სხდომაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სივრცეში, მათ შორის – სამართლებრივში, პოლიტიკურსა და დიპლომატიურში, ის საკითხები, რომლებიც აქტუალურია და უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, ამ შემთხვევაში, დეპორტირებულების საქმეს, იყოს ყველა პლატფორმაზე დაყენებული. მნიშვნელოვანია, გამოყენებული იყოს აბსოლუტურად ყველა ბერკეტი, რადგან რუსეთი არღვევს ნორმებს. საქართველომ, საერთაშორისო თანამეგობრობამ და სამართლებრივმა ინსტიტუტებმა უნდა გასცენ პასუხი, რომ ასეთი დარღვევები მიუღებელია”, – განაცხადა ციხელაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და უახლოეს სხდომაზე გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურით განიხილავს   „დეპორტირებულების საქმეს“. საქმე ეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას, რომლითაც რუსეთის ფედერაციას 10 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლთათვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები