ნათია თურნავა: ჭიათურიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მთელი რიგი შეთანხმებების შესრულება უკვე დაწყებულია(ვიდეო)

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას რამდენიმე კვირის წინ ჭიათურაში მიმდინარე მოვლენები შეაჯამა.
როგორც მან აღნიშნა, სამინისტროს მხრიდან მედიატორობა გაფიცულ მაღაროელებსა და დამსაქმებელს შორის წარმატებული მედიაციის მაგალითი იყო.
მისივე თქმით, ჭიათურიდან გამოთხოვილი ბოლო ინფორმაციის მიხედვით, მთელი რიგი შეთანხმებების შესრულება უკვე დაწყებულია.
“ჭიათურის საკითხთან დაკავშირებით ვინაიდან პირადად ვიყავი ჩართული, შემიძლია გითხრათ, რომ აქ ადგილი ჰქონდა ეფექტურ მედიაციას. ჩვენ ვიყავით მედიატორები გაფიცულ მაღაროელებსა და დამსაქმებელს შორის. ჩავერთეთ იმ დროს, როდესაც გარკვეული დრო იყო გასული პოზიციის შეჯერებით და დავინახეთ, რომ ჭირს ბოლომდე კომუნიკაციის დამყარება და გახდა ჩვენი ჩასვლა საჭირო. ჩვენი ჩართულობა მაგალითი იყო წარმატებული მედიაციისა.
როგორც წესი, სახელმწიფო ასეთი ტიპის დავებში არ უნდა ერთვებოდეს, მაგრამ გავითვალისწინეთ, რომ ჭიათურა და ზესტაფონი უდიდესი სისტემა კომპლექსის შემქმნელია, ქმის სამუშაო ადგილებს და გავითვალისწინეთ ისიც, რომ ჭიათურაში გაგზავნილია დროებითი მმართველი ხელისუფლების მიერ. ამიტომ, არის რიგი საკითხები, რაზეც განსაკუთრებული მოთხოვნა გვაქვს – შრომის ღირსეულ პირობები, ჯანმრთელობის დაცვა, კვება და ა.შ. მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩავერთეთ მედიაციაში. ის, რომ ეს საკითხი წარმატებით დასრულდა, ორივე მხარის დამსახურებაა. პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ პროცესს და შედეგზე ორიენტირებულად. შეთანხმების დიდი ნაწილი შრომის პირობებს ეხება და, ასევე, ფინანსურ ნაწილსაც, სადაც ორივე მხარე წავიდა დათმობაზე, დანარჩენ მოთხოვნილ პირობებს კი ჩვენ გავაკონტროლებთ. ​
რაც შეეხება ეკოლოგიასა და შრომის პირობების გაუმჯობესებას – სანამ აქ მოვიდოდი, ბოლო ინფორმაცია გამოვითხოვე ჭიათურიდან და უკვე დაწყებულია მთელი რიგი შეთანხმებების შესრულება. აღსანიშნავია, რომ თვითონ კომპანია ჩაერთო ეკოლოგიის გაუმჯობესების პროცესში. უნდა ითქვას ისიც, რომ ეს პრობლემა ახლა არ დაგროვდა და საწარმო კომპლექსი კომუნისტების დროიდან არსებობს. ყვირილა დღეს არ დაბინძურებულა… ისიც უნდა ითქვას, რომ 2012 წლამდე კომპლექსის შემოწმება არ ჩატარებულა. ესაა ის მიმართულებები, რაზეც მუდმივად ვაკონტროლებთ და ვზრუნავთ.
​იგეგმება კონცენტრანტის მიღების სარკინიგზო ტერმინალის გაკეთება და წინა სამუშაოები უკვე დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ მძიმეწონიანი მანქანები ქალაქში აღარ გაივლიან. სოციალურ პაკეტებშიც აქტიურადაა ჩართული კომპანია. ასევე, კვების საკითხი შეიცვალა და მოწესრიგდა. ივნისის თვეში კიდევ იგეგმება ჩვენი თანამშრომლების მიერ შემოწმება სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის თვალსაზრისით და ეს იქნება მუდმივად ჩვენი კონტროლის ქვეშ. ზოგადად ჩვენი პოზიცია ასეთი მსხვილი დამსაქმებლის მიმართ არის რომ პრიორიტეტი ყოველთვის მიენიჭება შრომის ღირსეულ პირობებსა და დასაქმებულების ინტერესების დაცვას, თუმცა ჩვენი ჩარევები უნდა იყოს დოზირებული და არგუმენტირებული. ჩვენ უნდა მივცეთ კერძო ბიზნესს იმის საშუალება, რომ თავად ისწავლოს თავის დასაქმებულებთან საუბარი და არ დაუშვას ასეთი ექსცესები”,-განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები