„ბუნებრივია, როდესაც ხანძარი ხდება, მესაკუთრეებისთვის ეს სტრესია. არ გამოვრიცხავ, რომ მისი განცხადებების ტონალობა სტრესით იყოს განპირობებული”, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორის, ზვიად ქირიას საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ ბაზრობაზე ხანძარი შესაძლოა, განზრახ გაეჩინათ. თუმცა, მისივე თქმით, აუცილებელია ამ საკითხის შესწავლა.
„ბუნებრივია, როდესაც ხანძარი ხდება, მესაკუთრეებისთვის ეს სტრესია. არ გამოვრიცხავ, რომ მისი განცხადებების ტონალობა იყოს სტრესით განპირობებული. თუმცა, რაც ამ ადამიანმა ისაუბრა, ჩემი აზრით, შეუსწავლელი არ უნდა დარჩეს. კანონმდებლობა ზუსტად ითვალისწინებს, რა ხდება ასეთ შემთხვევაში, როდესაც ამ ტიპის საჯარო განცხადებები კეთდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ლილოს დასახლებაში, ე.წ. ჩინური ქალაქის ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ გვიან ღამით გაჩნდა და მისი ლიკვიდაცია გამთენიისას მოხდა. მომხდარ ფაქტზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ამასთან, „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორმა, ზვიად ქირიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლილოში „ჩაინა ლილო სითის“ ტერიტორიის მეპატრონე ლაურა ღაჭავაა, ერეკლე და გიორგი კოდუების დედა, შესაბამისად, ის არ გამორიცხავს, რომ ხანძარი განზრახ იყოს გაჩენილი.
აღნიშნული მოსაზრება უარყო „ჩაინა ლილო სითის“ მეპატრონე ლაურა ღაჭავამ. ღაჭავა ხანძრის მიზეზად დივერსიის დასახელებას არასწორად მიიჩნევს.