,,პოეტური მისტერიები” – ლიზი ბუდაღაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

 11 ივნისს, 18:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმში, ლიზი ბუდაღაშვილის პერსონალური გამოფენა ,,პოეტური მისტერიები” გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს,  პროექტში წარმოდგენილი ნამუშევრები ბოლო ერთი წლის განმავლობაშია შესრულებული და მათი უმეტესობა პირველად იფინება ფართო საზოგადოების წინაშე.
გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპოზიცია ექსკლუზიურია, ვინაიდან ამ ნამუშევრებზე მხატვარმა ორი წელი აქტიურად იმუშავა და ჯერ არსად გამოუფენია. ტილოების უმეტესობა დიდი ზომისაა და ავტორი მათ ექსპერიმენტულ ნამუშევრებსაც უწოდებს. ლიზიმ წელს დაამთავრა United World College Dilijan, წარმატებით ჩაირიცხა 10 სხვადასხვა მსოფლიოს საუკეთესო უმაღლეს სასწავლებელში – ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში და აგვისტოდან სწავლას ფლორიდაში, Ringling College of Art and Design-ში გააგრძელებს, სადაც სწავლების ოთხი წლისთვის სრული დაფინანსება მოიპოვა.
ლიზი ბუდაღაშვილი ახალგაზრდა ხელოვანია, რომელიც სამ დარგში მოღვაწეობს: ხატავს, უკრავს და ქმნის მუსიკას, წერს ლექსებსა და ნოველებს. იგი არაერთი კონკურსისა თუ ფესტივალის გამარჯვებულია. მართავს გამოფენებს როგორც საქართველოში, ასევე – საზღვრებს გარეთ.
ლიზი ბუდაღაშვილი საკუთარ შინაგან ენერგიას ადამიანების გამოსახვას ახარჯავს. მის ნამუშევრებში ვხვდებით პორტრეტებს, ავტოპორტრეტებს, აბსტრაქტულ კომპოზიციებს ადამიანის ფიგურის მონაწილეობით, ინტერიერს, სადაც იგრძნობა ხელოვანის მიერ ადამიანის შემეცნების სურვილი. პორტრეტებში ავტორთან მსგავსება იგრძნობა. ადამიანის მისტიკას იგი პირველ რიგში საკუთარ თავში ეძებს, რადგან საკუთარი თავი ყველაზე მისტიკური სუბიექტია ადამიანისთვის. ხელოვანი მისტერიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, რაც პროექტის სახელწოდებაშიც იგრძნობა – „პოეტური მისტერიები“.
გამოფენა  19 ივნისამდე გაგრძელდება.
მის: სიონის ქ.8 (ქარვასლის შენობა, სიონის ტაძრის გვერდით).

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები