ლილოს დასახლებაში, “ჩინური ქალაქის” ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს
თბილისში, ლილოს დასახლებაში, ჭირნახულის ქუჩაზე, “ჩინური ქალაქის” ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის ფაქტზე გამოძიება სსკ -ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარი ფაქტის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე თქმით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 90-მდე მეხანძრე-მაშველი, 17 ავტოცისტერნა და სამაშველო ჯგუფები.
ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დამწვარია ჯიხურებში განთავსებული სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა დასახელების პროდუქცია.
უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე დარჩებიან პოლიციის ეკიპაჟებიც.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს პოლიცია დაადგენს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.