შოთა გულბანი: თუ ვაწესებთ გარკვეულ პრეფერენციებს გადასახადებთან მიმართებით, მაშინ ის უკლებლივ ყველა ბიზნესსუბიექტზე უნდა ვრცელდებოდეს
„თუ ვაწესებთ გარკვეულ პრეფერენციებს გადასახადებთან მიმართებით, მაშინ ის უკლებლივ ყველა ბიზნესსუბიექტზე უნდა ვრცელდებოდეს, განსაკუთრებით – მცირე და საშუალო ბიზნესზე, რომელსაც ყველაზე მეტად ჭირდება საბრუნავი საშუალებებისთვის ფული“, – ასე ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი, შოთა გულბანი „ოქროს სიის” საკითხს, რაც კომპანიებისთვის იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადის 30-დან 5 დღემდე შემცირებას გულისხმობს.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ აქამდე ბიზნესების აბსოლუტური უმრავლესობა დისკრიმინაციულ პირობებში იმყოფებოდა.
„კვირა“ ექსპერტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.
“ოქროს სიის” გაუქმებასთან დაკავშირებით
ვფიქრობ, რომ მანამდე არსებული ვითარება, როცა „ოქროს სიის“ მიხედვით განისაზღვრებოდა ცალკეული ბიზნესების პრივილეგირებული მდგომარეობა და, პრაქტიკულად, ეს სია საკმაოდ შეზღუდული იყო, ბიზნესების აბსოლუტური უმრავლესობა დისკრიმინაციულ პირობებში იმყოფებოდა. თუ ვაწესებთ გარკვეულ პრეფერენციებს გადასახადებთან მიმართებით, მაშინ ის უკლებლივ ყველა ბიზნესსუბიექტზე უნდა ვრცელდებოდეს, განსაკუთრებით – მცირე და საშუალო ბიზნესზე, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება საბრუნავი საშუალებებისთვის ფული. გარდა ამისა უნდა გავითვალისწინოთ – მიუხედავად იმისა, რომ მსხვილ ბიზნესს მეტი ვალდებულება აქვს კრედიტორების მიმართ, მას, ასევე, მეტი ფინანსური სახსრები აქვს გადასახადებისთვის გათვალისწინებული და მისთვის 30 დღიდან 5 დღემდე იმპორტის გადასახადის ვადის შემცირებამ რაიმე რადიკალური შეფერხებები, იდეაში, არ უნდა გამოიწვიოს მაშინ, როცა სხვა ბიზნესებისთვის მანამდე 5 -დღიანი ვადა იყო და მათთვის არაფერი შეცვლილა“, – წერს ექსპერტი შოთა გულბანი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, „ოქროს სია“ კი არ უქმდება, არამედ მის მონაწილე კომპანიებს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დან 5 დღემდე შეუმცირდებათ.