ადვოკატი: ზაზა სარალიძე არ გაყიდულა და არც არასოდეს გაიყიდება
„ზაზა სარალიძე არ გაყიდულა და არც არასოდეს გაიყიდება, არავითარი გარიგება შემდგარა, მით უმეტეს, დუმილის ხარჯზე“, – აცხადებს სარალიძის ადვოკატი, ნესტან ლონდარიძე და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სალარიძის მამის, ზაზა სარალიძის ადვოკატი საზოგადოების იმ წარმომადგენლებს მიმართავს, ვინც ცდილობს, ზაზა სარალიძეს მორალური შეურაცხყოფა მიაყენოს.
ადვოკატის განცხადებით, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ მიმართულ „ბინძურ“ კამპანიას შვილმკვდარი მამა ღირსეულად – დუმილით პასუხობს.
„ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო დამარწმუნა, რამდენად ღირსეული და ძლიერი ადამიანია ზაზა სარალიძე. მის წინააღმდეგ მიმართულ უკვე მერამდენე სიბინძურეს სიბინძურით არ პასუხობს და ამით მათზე მაღლა დადგა.
სათქმელი კი, მერწმუნეთ, ბევრი აქვს.
რაც შეეხება პასუხს ამ ყველაფერზე – ზაზა სარალიძე არ გაყიდულა და არც არასოდეს გაიყიდება, არავითარი გარიგება შემდგარა, მით უმეტეს, დუმილის ხარჯზე.
ჩვენი ბრძოლა კი არ დასრულებულა, მთავარი ჯერ წინაა და არც უკან დახევას ვაპირებთ. “ხორავას ქუჩის საქმეში” მონაწილე ყველა დამნაშავე დაისჯება, მათ შორის, სამოხელეო დანაშაულიც არ უნდა დარჩეს დაფარული და აქ ნამდვილად არ ვმიჯნავთ შსს-სა და პროკურატურას. ბოლო დროს ვსაუბრობთ პროკურატურაზე მხოლოდ სასამართლო პროცესებიდან გამომდინარე, ვინაიდან თვალს ვადევნებდით, როგორ იბრძოდნენ პირვანდელი ბრალდების გასატანად. სასამართლო პროცესებზე კი ბრალდების მხარეს სწორედ პროკურატურა წარმოადგენს.
რატომ არის რთული, დავაცადოთ შვილმოკლულ ადამიანს, მცირე დროით დაისვენოს ემოციურად. ვინმეს შეუძლია, წარმოიდგინოს, რა რთული დღეები გადაიტანა? თუ არა, იმიტომ, რომ თქვენთვის არ მოუკლავთ შვილი 12 ჭრილობით, არ უსვრიათ ამხელა სიბინძურე, არ, და ღმერთმა ნუ განგაცდევინოთ ამხელა ტკივილი.
მარტივია სხვის თვალში ბეწვის აღმოჩენა, საკუთარში კი დირესაც ვერ ვხედავთ“, – წერს ნესტან ლონდარიძე სოციალურ ქსელში.