ივანე მაჭავარიანი: ვერცერთმა ოპონენტმა მოიტანა არგუმენტი, თუ მთავრობის რომელმა კონკრეტულმა ნაბიჯმა განაპირობა ეროვნული ვალუტის რყევები

“ვერცერთმა ოპონენტმა ვერ მოიტანა ვერცერთი არგუმენტი, თუ მთავრობის რომელმა კონკრეტულმა ნაბიჯმა ან ეროვნული ბანკის რომელმა ნაბიჯმა განაპირობა ეროვნული ვალუტის რყევები”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “დღის ამბებში” პირდაპირ ეთერში ჩართვისას განაცხადა.
​მისი თქმით, ლარის კურსით მთავრობის ეფექტურობის გაზომვა, მინიმუმ, უმეცრებაა და ნამდვილად არ ასახავს მთავრობის რეალურ ეფექტურობას.
“ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ გვაქვს თავისუფალი გაცვლითი კურსი. ის, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არის გარე ფაქტორების მიმართ მოწყვლადი. რასაკვირველია, ჩვენი ვალუტა ვერ დარჩება რეგიონში პროცესების მიმართ ნეიტრალური, ამიტომ, პერიოდულად, მას მოკლევადიანი რყევები ახასიათებს. ვალუტის რყევა შეიძლება, მოხდეს ზედმეტი ხარჯების გაწევის დროს, ვიდრე დაგეგმილია ჭარბი ფისკალური პოლიტიკის შედეგად. ეს შეიძლება, ასევე, მოხდეს მონეტარული პოლიტიკის ზემოქმედების შედეგად. დღეს, ორივე ეს პარამეტრი აბსოლუტურ ნორმებშია. შესაბამისად, ვალუტის არსებული კურსი ეს საბაზრო ეკონომიკაზე რეაქციაა”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მან ყურადღება გაამახვილა იმ შედეგებზეც, რასაც თავისუფალ გაცვლით კურსზე მთავრობისა და ეროვნული ბანკის მხრიდან ხელოვნური ჩარევა გამოიწვევს.
„ჩვენ გვაქვს მეორე ალტერნატივა, რომ ეს რეაქცია საბაზრო ეკონომიკასა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე შევარბილოთ, გავაჩეროთ და ჩავერიოთ, მაგრამ ეს არ არის პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება და მიდგომა, რომელიც გრძელ ვადაში რაიმე ტიპის შედეგს გამოიღებდა. შეიძლება. მოკლე ვადაში, რამდენიმე თვით ან ერთი წლით, ამ ნაბიჯებმა გააჩეროს კურსი ერთ ნიშნულზე, ასეთებიც ყოფილა წარსულში ჩვენს ქვეყანაში და სხვაგანაც, მაგრამ. საბოლოოდ, ამის ფასს გადავიხდით დაბალი ეკონომიკური ზრდით, ნაკლები სამუშაო ადგილით და ა.შ. ამიტომ აუცილებელია, რომ შევინარჩუნოთ თავისუფალი მცურავი კურსი, განვავითაროთ ეკონომიკა და რეფორმები, რომლებიც, საბოლოოდ, ამ რყევებს შეამცირებს. ამის პასუხი არ არის ჩარევა და პირდაპირ დოლარის გაყიდვა და დოლარის მიმოქცევაში ჩაშვება. ეს არ არის ნორმალური და ჯანმრთელი პროცესი. ეს არის მოკლევადიანი, უპასუხისმგებლო და მოკლე ვადაზე გათვლილი მიდგომა. პასუხისმგებლიანი მიდგომა არის ლარიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების გაგრძელება, რათა მოსახლეობა ნაკლებად იყოს მოწყვლადი კურსის რყევის მიმართ და, ამავდროულად, გაგრძელდეს, ის ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც ზრდის ექსპორტს და აჰყავს ეკონომიკური ზრდა იმ დონეზე, რომელიც რეგიონში ყველაზე მაღალია. ჩვენ ამ გზით უნდა ვიაროთ, რომ, ერთი მხრივ, რყევები იყოს მინიმალური და მის მიმართ მოსახლეობის მოწყვლადობა იყოს დაბალი, გაგრძელდეს ლარიზაცია, ეკონომიკური რეფორმები, სწორი მაკროეკონომიკური მიდგომა, ასევე, ფისკალური დისციპლინა – ეს არის ერთადერთო პასუხი, რომელიც გრძელ ვადაში იმუშავებს. მეორე – არის პოპულისტური – დღეს, ხვალ გავაჩეროთ კურსი, მაგრამ მაზეგ გაცილებით მძიმე შედეგი მივიღოთ, რომლითაც კურსიც გვერდით დაგვრჩება და სხვა ეკონომიკური პარამეტრებიც. რასაკვირველია, რაღაც ტიპის პრეტენზიები არსებობს და ეს ლეგიტიმურია და ზუსტად აქ არის მთავრი პასუხი ამ კითხვაზე – ერთია, რომ ამ წნეხის ქვეშ მთავრობა, ეროვნული ბანკი გადადგამს თუ არა პოპულისტურ ნაბიჯებს და შეეცდება, რომ ჩაერიოს, რათა თავიდან აირიდოს ეს მოკლევადიანი დისკომფორტი და რყევები, თუ მაინც მედგრად და პრინციპულად გააგრძელებს იმ ეკონომიკურ კურსს, რომელიც არის ერთადერთი სწორი და გრძელ ვადაში აუცილებლად მოიტანს შედეგებს”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები