პარლამენტმა ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებულ ბავშვებსა და მწერალ გურამ დოჩანაშვილს უმასპინძლა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პარლამენტმა ეროვნულ და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში სახელოვნებო და სპორტულ კონკურსებში გამარჯვებულ ბავშვებს უმასპინძლა.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ 70-მდე მოსწავლეს თანამედროვე კლასიკოსი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი შეხვდა. ღონისძიება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისორგანიზებით გაიმართა.
მოსწავლებს სიტყვით მიმართა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ და  გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა.
„დღევანდელი ღონისძიებით გვინდა, ოლიმპიადებსა და სხვადასხვა შეჯიბრებაში გამარჯვებული ბავშვები წავახალისოთ, რომ სხვა ბავშვებმაც მიბაძონ მათ და მომავალი თაობა იყოს განათლებული“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მისი ინფორმაციით, 2 დღის წინ პარლამენტმა კენჭი უყარა „ბავშვის უფლებათა კოდექსს“, რომელიც საქართველოს ბავშვებს თანაბარ შესაძლებლობებს მისცემს, იყონ რეალიზებულები, წარმატებულები და განვითარებულები.
მოსწავლეებს მიმართა ღასან ხალილმა:„UNICEF-ისთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ხელმძღვანელობით იმ მიღწევების რეალობად ქცევა, რომელიც ბავშვთა უფლებებს უკავშირდება. დღევანდელი დღე ეკუთვნის ყველა ბავშვს. მინდა, მოგილოცოთ და გისურვოთ თქვენი მისწრაფებების, ყველა სურვილის განხორციელება“.
ბავშვებს მწერალი გურამ დოჩანაშვილი მიესალმა. მან მოზარდების კითხვებს უპასუხა და სხვადასხვა საკითხზე  მოსაზრებები გაუზიარა.
„თქვენი კეთილგანწყობა დიდ ძალას მაძლევს. ეს მარტო სიხარული არ არის, ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, მომავალი თაობა ჩვენზე უკეთესი იყოს, ამაში თუ მცირე წვლილი შევიტანე, ეს უდიდესი ბედნიერებაა ჩემთვის“, – მიმართა დამსწრე საზოგადოებას მწერალმა.
დღესვე ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ქუთაისის მერიის სახელით, გურამ დოჩანაშვილს ქუთაისის საპატიო მოქალაქის სერტიფიკატი და პრიზი გადასცეს.
შეხვდრის ბოლოს მოსწავლეებს სამახსოვროდ  გურამ დოჩანაშვილის წიგნები გადაეცათ და საშუალება მიეცათ, პლენარული სხდომის მიმდინარეობას გაცნობოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები