ქუთაისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნანა კოსტავა თანამდებობიდან გადააყენეს

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნანა კოსტავა თანამდებობიდან გადააყენეს. აღნიშნული გადაწყვეტილება „ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრებმა და პოლიტიკურმა გუნდმა ერთობლივად დღეს სხდომაზე მიიღეს.
ფრაქციას დღეიდან ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი, ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ქუთაისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ერთ-ერთი ვიდეო გააზიარა წარწერით: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“.
სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ყოფნისას მდინარეში ჩავარდა და გარდაიცვალა. სწორედ აღნიშნულ ფაქტს დაემთხვა საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოზე აღნიშნული შინაარსის კომენტარი.
მოგვიანებით, კოსტავამ „ფეისბუქის“ საშუალებით ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა.
ქუთაისში მოქმედმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ნანა კოსტავას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ დეპუტატს ბოიკოტს უცხადებენ და ნანა კოსტავას აღარ მიეცემა საშუალება, გამოიყენოს ქუთაისში არსებული საინფორმაციო პლატფორმა.
ამასთან, ქუთაისის საკრებულოსთან დეპუტატ ნანა კოსტავას წინააღმდეგ გუშინ საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები ნანა კოსტავას გადადგომას მოითხოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები