„საქართველოში რუსეთის მიერ აღმართული მავთულხლართები ბერლინის კედელივით დაიშლება“

„საქართველოში რუსეთის მიერ აღმართული მავთულხლართები ბერლინის კედელივით დაიშლება“ – ეს იყო მთავარი გზავნილი, რომლითაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი პორტუგალიაში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე – ESTORIL CONFERENCES – GLOBAL CHALLENGES, LOCAL ANSWERS წარდგა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ინფორმაციით, სესია, სადაც ქეთევან ციხელაშვილი ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან და World Leadership Alliance – Club de Madrid-ის მოქმედ პრეზიდენტთან – ვაირა ვიკე-ფრეიბერგასთან და ნობელის პრემიის ლაურეატთან – სვეტლანა ალექსიევიჩთან ერთად გამოვიდა, იმ გამოწვევებს მიეძღვნა, რომლებიც მსოფლიოს ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლისთავზე აქვს. სესიის მოდერატორი მწერალი და ცნობილი ჟურნალისტი, „ლოს ანჯელეს თაიმსის“ სპეციალური კორესპონდენტი გერმანიაში – ერიკ კირშბაუმი იყო
აპარატის ცნობით, სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა სირთულეებზე, რომელთაც საქართველოს მოსახლეობას ოკუპაცია და ხელოვნური ბარიერები უქმნის. მიმოიხილა გამოწვევები, რომლებთან გამკლავებაც უწევს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე – გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას. როგორც მან აღნიშნა, მავთულხლართები სამშვიდობო პოლიტიკითა და საერთაშორისო ძალისხმევით აუცილებლად დაიძლევა.
მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის სტუმრები ნობელის პრემიის ლაურეატები, წამყვანი გამოცემების ჟურნალისტები და სხვადასხვა ქვეყნის მოქმედი და ყოფილი მეთაურები იყვნენ, მათ შორის, პორტუგალიის პრეზიდენტი – მარსელუ რებელუ დი სოზა, ხორვატიის პრეზიდენტი – კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები