„აუცილებლად გავცემთ ნინი ჯაფარიძის სახელობის სტიპენდიას ერთ გამორჩეულ მკითხველზე“…

ჟურნალისტ ნინი ჯაფარიძის გარდაცვალება შემზარავი და მოულოდნელი იყო პორტალ „კვირის“ ჟურნალისტებისთვის. ნინი „კიბერ კვირის“ რედაქტორად და ჟურნალისტად მუშაობდა, პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით ემსახურებოდა საყვარელ საქმეს… სიცოცხლით და ხალისით სავსე ლამაზ მომავალზე ოცნებობდა, უყვარდა, უხაროდა ირგვლივ ყველა და ყველაფერი… მისი მომავალი პაწიას უნდა დაემშვენებინა, მოუთმენლად რომ ელოდებოდა… გაჩნდა კიდეც – ბარბარე, მაგრამ… თავად ნინი ზეცაში გაფრინდა…
უამრავ  ადამიანს დაუტოვა ტკივილი და ცრემლი… ჟურნალისტთა დიდ ოჯახს კი ნიჭიერი კალმოსანი დააკლდება.
საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“ მწუხარებას გამოხატავს და თანაუგრძნობს ნინი ჯაფარიძის ოჯახს და ახლობლებს ამ დიდ ტრაგედიას.
სულ ახლახან, ნინი ჯაფარიძის გარდაცვალებას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალური ქსელით გამოეხმაურა. სასიხარულოა, რომ  მომავალ წელს  ნინი ჯაფარიძის სახელობის სტიპენდია გაიცემა.
„რა საზარელი დღეა, სრულიად საზარელი. ლაგოდეხის ტრაგედიის მერე, მეორე საშინელი ამბავი შევიტყვე – ნინი ჯაფარიძე გარდაიცვალა – სულ ხუთი დღის წინ გააჩინა პირველი შვილი და აი, ასე – გულის უკმარისობით გარდაიცვალა. როცა აქცია – ,,აჩუქე წიგნი”  დავიწყეთ, ნინი „ბიბლუსს“ წარმოადგენდა და თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით. ძალიან ელოდა პატარას, მომავალ 23 აპრილს ერთად ჩავატარებთო, ხუმრობდა.
არ ვიცი, მართლა ვეღარ ვხვდები, რა დავწერო, ვერც სიტყვის გამხატვრულების აზრს ვხედავ და ვერც ბევრი წერის. ეს ჩვენი ფოტოა იმ დიდი და მნიშვნელოვანი დღიდან, სააგენტოებს უდევთ, წავაწყდი და გადმოვიტანე.
ერთი, რაც ვიცი, მომავალ 23 აპრილს აუცილებლად გავცემთ ნინი ჯაფარიძის სახელობის სტიპენდიას ერთ გამორჩეულ მკითხველზე და ასე იქნება ყოველ წელს, რომ მისი სახელი მაინც შემორჩეს და მისმა შვილმა, დედის გაცნობა რომ ვერ მოასწრო, ასე მაინც იამაყოს“… – წერს გიორგი კეკელიძე.
ნინი ჯაფარიძემ „იმედის კლინიკაში“ იმშობიარა. მშობიარობის შემდგომი გართულებებით ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, შედეგ კი -„ჯო ენის ცენტრში“ და გული მშობიარობიდან მეექვსე დღეს გაუჩერდა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები