თეკლა მელაძე, პერსონალური გამოფენით, ვენეციის 58-ე ბიენალეზე წარდგება

ყველაზე პატარა ქართველი მხატვარი – თეკლა მელაძე, პერსონალური გამოფენით, ვენეციის 58-ე ბიენალეზე წარდგება. გამოფენა ვენეციის ბიენალეს ოფიციალურ პავილიონში, 1-7 ივლისს გაიმართება.

„მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 7 მარტს, მივიღე ოფიციალური მოსაწვევი ვენეციის 58-ე ბიენალედან. რამდენიმე თვის წინ, იტალიური სახელოვნებო ასოციაციის მიერ ჩემი ნამუშევრები წარდგენილი იქნა ვენეციის 58-ებიენალეს კომისიის წინაშე, რომლებმაც დადებითი შეფასება მისცეს, როგორც ახალ სახელოვნებო მიმდინარეობას და მოხარული ვარ, რომ წარვადგენ ჩემს ქვეყანას. ასოციაციის თქმით, მე ვარ პირველი ქართველი მხატვარი, ვინც პერსონალური გამოფენით წარდგება ვენეციის ბიენალეზე.

გამოფენა გაიმართება ვენეციის ბიენალეს ოფიციალურ პავილიონში, 1-7 ივლისს. ვენეციის 58-ე ბიენალეს ოფიციალურ კატალოგში ჩემს ნამუშევრებს რამდენიმე გვერდი დაეთმობა, გავრცელდება პრესრელიზები, მოსაწვევები და სარეკლამო ბანერები ვენეციაში.

ვენეციის 58-ე ბიენალეზე წარსადგენად შერჩეული ნამუშევრები მიეკუთვნება ჩემ მიერ შექმნილ მიმდინარეობას – „მონოტონიზმს“, რომლებიც შესრულებულია ოქროსფერი ზეთის საღებავით და აქვს ბარელიეფის დეტალები. რელიეფები შესრულებულია მხოლოდ საღებავით, რამაც განაპირობა ევროპელი ექსპერტების ინტერესი, რადგან ამ მეთოდით არავინ ქმნის ნამუშევრებს მსოფლიოში. ეს გახლავთ ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და ამავდროულად, გამოწვევაც, რადგან ვარ ყველაზე პატარა ქართველი, ვისი პერსონალური გამოფენაც შედგება ბიენალეზე.

ჩემი სურვილია, მსოფლიოს გავაცნო ახალი სახელოვნებო მიმდინარეობა – „მონოტონიზმი“, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც თვითნასწავლი მხატვრისთვის, ავტორისთვის და ქართველისთვის, რომელსაც შესაძლებლობა აქვს წარადგინოს საქართველო, როგორც ამ მიმდინარეობის დაბადების ადგილი. ასეც დავარქვი ჩემს გამოფენას ვენეციაში – „საქართველო ოქროს საწმისის სამშობლო“.

მიხარია, რომ შემიძლია წარვდგე მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ სახელოვნებო ბიენალეზე, რომელზეც ძალიან ძნელია მოხვედრა და ყოველ წელს ასი ათასობით მხატვრის განაცხადს კომისია უარს ეუბნება. ჩემთვის მნიშვნელოვანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი ამ სფეროს პროფესიონალთა შეფასება, რასაც ვენეციაში მოვისმენ, თუმცა მანამდე, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მოვისმინო ქართველი ხელოვნებათმცოდნეებისა და კრიტიკოსების შეფასება.

ვენეციის ბიენალეს, სხვადასხვა დროს, 200000-დან 500000-მდე დამთვალიერებელი სტუმრობდა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ბიენალეს ოფიციალური კატალოგი იბეჭდება ძალიან მაღალი ტირაჟით და საინფორმაციო საშუალებები ფართოდ აშუქებენ ამ მოვლენას. ჩემი გამოფენის ძირითად ფინანსურ ხარჯებს იტალიური მხარე იღებს, დანარჩენი ხარჯები – გადაზიდვის, ავია ბილეთისა და სასტუმროსი დაფარულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რისთვისაც მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ საქმეში მონაწილეობა მიიღო და ჩემი ნამუშევრები ვენეციის ბიენალეზე მოხვედრის ღირსად ჩათვალა “, – აცხადებს მხატვარი.

თეკლა მელაძე ოთხი წელია, გატაცებულია ხატვით. მისი პირველი პერსონალური გამოფენა ნიუ-იორკში მოეწყო, “არტ ექსპო ნიუ-იორკი 2014”-ის ფარგლებში, სადაც ექსპოს ადმინისტრაციის სურვილით და მიწვევით იმყოფებოდა. იმავდროულად, იყო საპატიო სტუმარი, პირველი ქართველი მონაწილე ექსპოს 37-წლიანი არსებობის განმავლობაში და ყველაზე პატარა მონაწილე მსოფლიოს მასშტაბით. ჰქონდა რვა პერსონალური და თხუთმეტი ჯგუფური გამოფენა, მათ შორის, ნიუ-იორკის შემდეგ, ყველაზე მაშტაბური გახლდათ სამი პერსონალური გამოფენა: 2015 წელს, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში „მომა თბილისში“, 2017 წელს, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში და 2018 წლის დეკემბერში, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები