26 მაისის აღსანიშნავად, საქართველოს საბაჟო გამშვები პუნქტები სადღესასწაულოდ გაფორმდა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საბაჟო გამშვები პუნქტები: „ყაზბეგი”, „კარწახი”, „წითელი ხიდი”, „სადახლო” და ,,სარფი” სადღესასწაულოდ გაფორმდა.
26 მაისისადმი მიძღვნილი მთავარი ღონისძიება „ყაზბეგის” საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
„მოწვეულ სტუმრებს, ტურისტებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს  შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ საინტერესო საგამოფენო სივრცეები, სადაც წარმოდგენილი იქნება უნიკალური ისტორიული და საარქივო ფოტო მასალა, საინფორმაციო სტენდების საშუალებით, გაიზიარონ ცოდნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განთავსებულ ხუროთმოძღვრების ძეგლების, გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების, სხვადასხვა საინტერესო ფაქტისა და მოვლენის შესახებ. გაიმართება ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა. ასევე, „გააზიარე ცოდნა”, კამპანიის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნებიან ქართველი მეწარმეები, რომლებიც მოსულ სტუმრებს გაუზიარებენ საკუთარ სამეწარმეო გამოცდილებას“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
უწყების ცნობით, საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს ლიტერატურული კაფე. სპეციალურად მოწყობილი სივრცე, ანიმატორები, საბავშვო შემეცნებითი გასართობი პროგრამა, ელით საზეიმო ღონისძიებაზე მოსულ ყველაზე პატარა სტუმრებს.
„დაგეგმილია საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული ანსამბლები: „შავნაბადა” და „ერისიონი”. ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლები. 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დასრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები