კახა კალაძე: მომავალი თვის დასაწყისში ორბელიანის მოედანზე სამუშაოები მთლიანად დასრულდება
“დაახლოებით, მომავალი თვის დასაწყისში ორბელიანის მოედანზე სამუშაოები მთლიანად დასრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული უბნების განახლება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება, მოვლა-პატრონობა”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი მასშტაბური პროექტი თბილისში პირველია.
„მთაწმინდის რაიონში ჩვენ დაწყებული გვაქვს ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე შვიდი ქუჩის სრული რეაბილიტაცია. დაახლოებით, მომავალი თვის დასაწყისში სამუშაოები მთლიანად დასრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული უბნების განახლება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება, მოვლა-პატრონობა. ბევრი თვალსაზრისით, ასეთი მასშტაბური პროექტი დედაქალაქში არ განხორციელებულა. მიწისქვეშა კომუნიკაციებით დაწყებული, მთლიანად მოხდა რეაბილიტაცია. ამ კონკრეტულ არეალში 20 შენობა-ნაგებობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, აქედან 13 არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ამ ყველაფერს გაფრთხილება სჭირდება. ეს არის თბილისის ხიბლი, რომლითაც ვამაყობთ. ეს მიდგომა სხვა არეალშიც უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ორბელიანის მოედანზე ყველაფერი ევროპული ტიპის ქალაქების შესაბამისადაა გაკეთებული.
„გახსნის ღონისძიებაზე ყველას დაგპატიჟებთ, მთელ თბილისს შეუძლია, მოვიდეს და ერთად ვნახოთ, როგორი გამოვიდა ეს პროექტი თავისი მხატვრული განათებებით შენობებზე. იქამდე ჩვენ კომუნიკაცია კიდევ გვექნება. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტით ყველა თბილისელი იამაყებს.
როგორც ევროპულ ქალაქებშია, ყველაფერი უმაღლეს დონეზეა გაკეთებული – ადაპტირებული სადგომები, შშმ პირთათვის ლიფტების მონტაჟი, უსაფრთხოების კამერები, სახანძრო უსაფრთხოება.
ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით. სხვა მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაგეგმილი უახლოეს მომავალში. ახლა ველოდებით ფურცელაძის ქუჩისა და თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილის პროექტირებას, ასევე, გუდიაშვილის ქუჩისა, რომელიც სამუზეუმო-საფეხმავლო ქუჩა იქნება. აღნიშნული ქუჩების პროექტირების დასრულების შემდეგ, შესაბამისი სამუშაოების განხორციელებას დავიწყებთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.