კახა კალაძე: ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო რეგულაციები ამოქმედდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო რეგულაციები ამოქმედდება.
მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღეში ამ თემაზე თბილისის მთავრობა პრეზენტაციას გამართავს და დეტალურად ისაუბრებს.
„ძველი თბილისის არეალს, ისტორიულ ნაწილს ყველაზე მეტად სჭირდება გაფრთხილება. ის აუცულებლად უნდა შენარჩუნდეს. სიმაღლეებთან დაკავშირებით არის პრობლემები და უნდა იქნას მოწესრიგებული მორფოლოგია, იერ-სახე შენარჩუნებული. ეს ყველაფერი ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. რეგულაციებს რაც შეეხება, ჩვენ არაერთი კომუნიკაცია გვქონდა დეველოპერებთან, სამშენებლო სექტორთან. მათ გავაცანით ჩვენი მიდგომები, დამოკიდებულება, ყველამ მოიწონა და ეთანხმება. იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ძველი თბილისი, შევინარჩუნოთ ის, რითაც ვამაყობთ, აუცილებელია ამ რეგულაციების განხორციელება. ყველა ევროპულ ქალაქს, რომელსაც აქვს ისტორიული ნაწილი, აქვს ეს მიდგომა და დამოკიდებულება. შესაბამისად, ჩვენ უახლოეს დღეებში გვექნება პრეზენტაცია, სადაც მოწვეულნი იქნებიან ექსპერტები, სამშენებლო სექტორი, დეველოპერები და კიდევ ერთხელ გავაცნობთ რეგულაციებს. ამ პროექტის განხორციელებაზე მუშაობდა სხვადასხვა ექსპერტთა ჯგუფი და კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, თანამშრომლობისთვის. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები