ბათუმში 19 წლის გოგონა ამბობს, რომ ლექტორი მას სექსუალურად ავიწროებდა
ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის 19 წლის სტუდენტი გოგონა ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
მისივე თქმით, პედაგოგი მას სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს წერდა და უხამს ფოტოებს უგზავნიდა.
გოგონამ სამართალდამცველებს უკვე მიმართა და გამოიკითხა კიდეც.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულებას გულისხმობს.
ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ლექტორს შრომითი ხელშეკრულება შეუწყდება.
“სტუდენტს აბსოლუტური მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. როგორც მან მითხრა, ლექტორს მიმოწერა ჰქონდა. სტუდენტს მიაჩნია, რომ სექსუალური შევიწროების მცდელობას აქვს ადგილი ლექტორის მხრიდან. ეთიკის კომისია საკითხზე იმუშავებს, უნივერსიტეტის შინაგანაწესის სრული დაცვით იქნება საკითხი განხილული. თუ კომისია დაადასტურებს ბრალეულობას, რა თქმა უნდა, ლექტორთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდება. თავად ლექტორი ამბობს, რომ ეს არის ცილისწამება და, როგორც ვიცი, ეთიკის კომისიასთან თანამშრომლობას გეგმავს. ლექტორი, ამ დროისათვის, მივლინებაშია“, – განაცხადა ბსუ-ს რექტორმა, მერაბ ხალვაშმა.