„ჯორჯიან მანგანეზმა“ გაფიცულ მაღაროელებს ხელფასის 25 %-იანი მატება შესთავაზა, რაზეც დასაქმებულებმა უარი განაცხადეს

0

 

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
როგორც „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ხელმძღვანელობამ დასაქმებულებს ხელფასის 25 %-იანი მატება, შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ დაგეგმილი რეორგანიზაციის ხარჯზე, მაინც შესთავაზა. მიუხედავად ამისა, დასაქმებულებმა აღნიშნულ წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს და გაფიცვა გააგრძელეს.
შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ მიიჩნევენ, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 50 %-იანი მატების მოთხოვნა არაადეკვატური და რეალობასთან შეუსაბამოა.
“გაცნობებთ, რომ 2019 წლის 21 მაისს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრა გაიმართა. კომპანია კვლავ მიიჩნევს, რომ მაღაროელების ქმედება არაკანონიერია და სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება, თუმცა, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ხელმძღვანელობამ დასაქმებულებს ხელფასის 25 %-იანი მატება, შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ დაგეგმილი რეორგანიზაციის ხარჯზე, მაინც შესთავაზა. მიუხედავად ამისა, დასაქმებულებმა აღნიშნულ წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს და უკანონო გაფიცვა გააგრძელეს. შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ მიიჩნევენ, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 50 %-იანი მატების მოთხოვნა არაადეკვატური და რეალობასთან შეუსაბამოა. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ გასულ წელს შპს „ჯორჯიან მანგანეზსა“ და პროფკავშირებს შორის კოლექტიური ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც დასაქმებულებს ხელფასი 10 %-ით გაეზარდათ. სანაცვლოდ, მათ ვალდებულება აიღეს, რომ კოლექტიური ხელშეკრულების მოქმედების 3 წლის განმავლობაში ხელშეკრულებით დარეგულირებულ საკითხებზე არ მიმართავდნენ გაფიცვის ფორმას. დღევანდელი გაფიცვით დასაქმებულებმა არა მხოლოდ კოლექტიური ხელშეკრულების აღნიშნული პირობა დაარღვიეს, არამედ უგულებელყვეს გაფიცვის უფლების კანონიერად გამოყენების შესახებ დადგენილი ყველა ნორმა. იმისათვის, რომ ორივე მხარისთვის მძიმე შედეგების თავიდან აცილებისა და ურთიერთსასარგებლო შედეგის მიღწევის შესაძლებლობა შენარჩუნდეს, შპს „ჯორჯიან მანგანეზი” დასაქმებულებს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, არ აყვნენ დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფის პროვოკაციებს და არ მიაყენონ ზიანი საკუთარი ოჯახებისა და საწარმოს ინტერესებს”, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი