პრემიერმა ქუთაისის ახლადრეაბილიტირებული 33-ე საჯარო სკოლა დაათვალიერა

0

საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლა დაათვალიერა, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის მთავრობების ერთობლივი ძალისხმევით, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდა.
1200 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აღჭურვილია უახლესი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახებით, რაც სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, განათლების რეფორმაში, რომელიც არის ეროვნული იდეა და მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი, საქართველოს მასშტაბით სასწავლო ინფრასტრუქტურის განვითარება ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია.
მთავრობის მეთაურმა ამ პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის აშშ-ის მთავრობასა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას მადლობა გადაუხადა.
პრემიერი ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან, ათასწლეულის გამოწვევის ფონდ საქართველოს აღმასრულებელ დირექტორ მაგდა მაღრაძესთან და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონებში 78 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა, რომელთაგან 8 სკოლა ქუთაისში მდებარეობს.
ამჟამად, მიმდინარეობს 13 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, რაც ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დასრულდება. ბოლო პერიოდში, ჯამურად, 91 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის შედეგად, სასწავლო გარემო 40 ათასამდე მოსწავლეს გაუუმჯობესდა. პროექტის ბიუჯეტი 55 მილიონი აშშ დოლარია.

კომენტარები

კომენტარი