ირაკლი ღარიბაშვილი: უაზრო პროექტებში და ბრჭყვიალა სასახლეებში ხალხის ფული არ გვემეტება

    ჩვენ უაზრო პროექტებში და ბრჭყვიალა სასახლეებში ხალხის ფული ნამდვილად არ გვემეტება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. პრემიერმა მერობისა და მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები დაასახელა და მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოვიდა.
“ყველა საქმე, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ემსახურება ხალხს და ხალხის კეთილდღეობას. ჩვენ უაზრო პროექტებში და ბრჭყვიალა სასახლეებში ფულს არ ვხარჯავთ, ამისთვის ნამდვილად არ გვემეტება ხალხის ფული. სასახლეები მერე უნდა აშენო, როცა ხალხს აქვს წყალი, გაზი, გზა და ელემენტარული ცხოვრების პირობები. აი, ამისთვის ხარჯავს ჩვენი მთავრობა ფულს. ჩვენ გრძელვადიან შედეგზე ვართ ორიენტირებული”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
“ლანჩხუთში სულ პრობლემა იყო წყლის ხარისხი და მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება. დღეს, რეაბილიტაციის შედეგად, ლანჩხუთის მოსახლეობას უკვე სტაბილურად მიეწოდება ხარისხიანი სასმელი წყალი. შეუძლებელია, არ გამოვიყენოთ ის ბუნებრივი სიმდიდრე, რომლითაც ცნობილია გურია – მთისა და ზღვის სრულიად უნიკალური კურორტები, ბახმაროს შესანიშნავი ჰავა და ურეკის სამკურნალო მაგნიტური ქვიშა. ჩვენ ეს რესურსები ჯერ კიდევ მაქსიმალურად არ გამოგვიყენებია. დარწმუნებული ვარ, ამ კურორტების სათანადოდ ათვისება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გურიის განვითარებაში და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს ხალხს.
იცოდეთ, მთავრობა გვერდში დაგიდგებათ ამ საქმეში. უკვე ორი წელია მთავრობა ინტენსიურად ეხმარება სოფელს მიწის საგაზაფხულო სამუშაოებში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თითოეულ ადამიანს, თითოეულ ოჯახს მივეხმაროთ. შეიძლება ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ნამდვილად არის სტიმული იმისთვის, რომ ოჯახები ფეხზე დადგეს. სწორედ ამიტომ, ჩემი ინიციატივით ხვალიდან ვიწყებთ სახელმწიფო პროგრამას, რომელსაც დავარქვით: “აწარმოე საქართველოში”. ჩვენ გვინდა ამ პროგრამის განხორციელებით ყველა რეგიონში, შემდეგ კი ყველა რაიონსა და სოფელში აღდგეს და აღორძინდეს ტრადიციული ქართული წარმოება. მთავრობამ ამ საქმისთვის 46 მილიონი ლარი გამოყო. ყველას შეგიძლიათ ჩაერთოთ ამ პროგრამაში, აიღოთ იაფი სესხი 1, 2 და 3 პროცენტად, ააშენოთ ახალი საწარმო და დაიწყოთ ბიზნესი. როგორც კი საწარმოები გაჩნდება, გაჩნდება სამუშაო ადგილებიც და ხალხიც დასაქმდება. პირველ ეტაპზე სახელმწიფომ უკვე შეარჩია 100-მდე შენობა, რომელიც ამ პროგრამაში ჩართულ მეწარმეებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცემათ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები