მაჭავარიანი – მაია სანდუზე: ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადებაა, როდესაც ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი პირდაპირ აცხადებს, რომ მზად არის, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დათმოს, სხვა ქვეყანას შეუერთდეს
“ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადებაა, როდესაც ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი პირდაპირ აცხადებს, რომ მზად არის, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი დათმოს, სხვა ქვეყანას შეუერთდეს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
დეპუტატი მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ ქვეყნის რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა.
„არ მგონია, რომ ამაზე პოზიტიური რეაქცია ჰქონდეს მოლდოვის მოსახლეობას. გახსოვთ, ქალბატონმა სანდუმაც სულ რამდენიმე ხმით მოიგო, ბეწვზეა გადარჩენილი და ეს მოლდოვაში ნეგატიურ გავლენებს კიდევ უფრო გაზრდის. საკუთარი ქვეყნის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მეტყველებს, რომ ეს ადამიანი მზად არის, მთლიანად ჩააბაროს თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი, გააქროს თავისი ქვეყნის იდენტობა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად საპირისპირო პოლიტიკას ვატარებთ და სწორედ ამიტომ გვაკრიტიკებენ ევრობიუროკრატები“, – განაცხადა მაჭავარიანმა.