“მინდა, მოგაწოდოთ განახლებული ინფორმაცია ზუგდიდში მიმდინარე საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. როგორც მოსალოდნელი იყო, მაღალი აქტივობის პირობებში, გეგა შენგელია ლიდერობს და ჩვენ უკვე დამაჯერებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველ ტურშივე დასრულდება ეს არჩევნები და გეგა შენგელია გახდება ზუგდიდის მერი “,- ამის შესახებ ზუგდიდის “ქართული ოცნების” შტაბში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატის, გიორგი შენგელიას შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ამომრჩევლებს, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.
“კიდევ ერთხელ მივმართავ ჩემს ზუგდიდელებს, რომ მათ კვლავაც უნდა გააგრძელონ აქტიური მონაწილეობა არჩევნებზე, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, რათა საბოლოოდ გავაფორმოთ ჩვენი გამარჯვება. ახლა იწყება ახალი ეტაპი ჩვენი ამომრჩევლების მობილიზაციის და ეს ადამიანები უკვე მზად არიან, მოვიდნენ, დაგვიდასტურეს მათი მონაწილეობის შესახებ და ჩვენ კიდევ მეტ და დიდ უპირატესობას ველოდებით ჩვენი კანდიდატის სასარგებლოდ”,- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.
ჩიქოვანმა წინასაარჩევნო პერიოდის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ჩამოყვანილი ადამიანების დანიშნულება მუნიციპალიტეტში და შემდეგ მთელ საქართველოში არეულობის მოწყობაა
“რაც შეეხება იმ მოვლენებს, რომელიც ვითარდებოდა პროვოკაციების ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და სხვადასხვა ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ცხადზე ცხადია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი იყო სიტუაციის არევა ზუგდიდში, სიტუაციის ე.წ ადუღება, როგორც ისინი ამბობენ და შემდგომში ამ ვითარების გავრცობა მთელს საქართველოზე. პირდაპირ ვამბობთ, რომ ეს ზუგდიდიდან არ დაიწყება და ამას ზუგდიდიდან ისინი ვერ მოახერხებენ.
ნათელია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩართვა სრული დადასტურებაა იმ ინფორმაციისა, რომელიც რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ჩვენი შტაბის მხრიდან და ყველა ნათლად ხედავთ, რომ ზუგდიდში ჩამოსული ადამიანები, მათ შორის სანდრა რულოვსი, არც არასოდეს გეგმავდნენ რეალურად ზუგდიდელების პრობლემებზე საუბარს და ზრუნვას, არამედ მათი მთავარი საზრუნავი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დებოშის ატეხვა ზუგდიდში და ქაოსი სრულიად საქართველოში.
კიდევ ერთხელ მივმართავ ყველა ჩვენს აქტივისტს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება. გასაგებია, რომ ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ტელევიზიით, არის ამაზრზენი, არის შეურაცხმყოფელი ზუგდიდელებისთვის, მაგრამ გამოიჩინეთ მაქსიმალური მოთმინება, სულ რამდენიმე საათია დარჩენილი, რომ ჩვენ ვიზეიმოთ გამარჯვება”,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.