ენმ-ის დამკვირვებელმა არასამთავრობო ორგანიზაციას პრეტენზია უბანთან კვების გამო წაუყენა (ვიდეო)
ზუგდიდის N2 საარჩევნო უბანზე, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ორგანიზაცია “მწვანე დედამიწის” დამკვირვებელს დაუპირისპირდა. დავით მჟავანაძის განცხადებით, მან ორი დარღვევა დააფიქსირა. ერთი დარღვევა სამაგიდო სიებს შეეხებოდა, ხოლო მეორე, როგორც მჟავანაძე ამბობს, უბანთან სუფრის გაშლას, რასაც აპირებდნენ და რაც, მისი თქმით, ამომრჩევლების დაშინების მეთოდია.
“პირველი დარღვევა იყო სამაგიდო სიებთან დაკავშირებით, სიებს ეცნობოდნენ კოორდინატორები და დაცვის პოლიციის თანამშრომლები ერთად, ეს პროცესი გადავიღე და მერე მივმართე მათ, თუმცა, რა თქმა უნდა, უარყვეს. ამის შესახებ მივმართე ადგილზე პოლიციის თანამშრომლებს, ასევე, დავრეკე ცხელ ხაზზე, რის შედეგადაც ამ საქმესთან დაკავშირებით, დაიწყო მოკვლევა. მეორე პრობლემა ის იყო, რომ ჩემგან რამდენიმე მეტრის დაშორებით, უბანთან, გეგმავდნენ სუფრის გაშლას…. ყველამ კარგად ვიცით, ეს საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ ამომრჩევლები დააშინო”,- აცხადებს დავით მჟავანაძე.
საკვების მიღების ფაქტზე პრეტენზიას ორგანიზაცია “მწვანე დედამიწის” წარმომადგენელი გამოეხმაურა. მისი თქმით, ენმ-ის წარმომადგენლის ბრალდება აბსურდულია, მათ უბრალოდ, საკვების მიღება ჰქონდათ განზრახული.
“აქტივი ვინც ვართ, ერთი ონკოლოგიური ავადმყოფიც გვყავს, შევდიოდით მეორე ოთახში, სადაც სკამები და მაგიდებია, ვაპირებდით ჭამას. ადამიანები ვართ და ადამიანური ფაქტორია, რომ საკვები მივიღოთ. ეს ბატონი ამბობს, რესტორანი იყო გაშლილიო, არანაირი მსგავსი ამბავი არ ყოფილა”,- აღნიშნა ვანო ნაჭყებიამ.