„ნატო მხარს დაუჭერს საქართველოს მოთხოვნას MAP -ის მიღებისთვის“

    ჩვენ გვჭირდება სამოქმედო გეგმა და, საბოლოო ჯამში, ნატო-ს წევრობა იმისათვის, რომ გავაძლიეროთ საქართველოს უსაფრთხოება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ვილნიუსში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე განმარტებით, ჩვენ MAP-ის მიღებას განვიხილავთ, როგორც პირველ ნაბიჯს ალიანსის წევრობისთვის. ჯაფარიძემ ისიც აღნიშნა, რომ თუკი 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაცხადებულ აზრს მოვიხმობთ, სწორედ MAP -ი უნდა იყოს საქართველოს შემდგომი ნაბიჯი, ამიტომ ნატო საქართველოს მოთხოვნას MAP -ის მიღების შესახებ მხარს დაუჭერს.
“ნატო-ს წევრი ქვეყნების დიდი ნაწილი იზიარებს საქართველოს ურყევ არჩევანს და მათ კიდეც გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ნების მიმართ, რომ სამოქმედო გეგმა სექტემბრის სამიტზე იქნას მიღებული. სხვების აზრით კი, ჩვენ უნდა დავჯერდეთ ნატო-ს წევრობის პერსპექტივას და გავააქტიუროთ რუსეთთან დიალოგი. მოვლენათა განვითარების ჭრილში, დიალოგი კარგავს ძალას მანამ, სანამ ჯერ კიდევ ბუნდოვანია ეს “მომავალი”.
საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. ჩვენს მოსახლეობას მოლოდინი აქვს ნატო-სთან მიმართებაში, ჩვენ MAP-ის მიღებას განვიხილავთ, როგორც პირველ ნაბიჯს ალიანსის წევრობისთვის. სხვათა შორის, თუკი 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაცხადებულ აზრს მოვიხმობთ, სწორედ სამოქმედო გეგმა იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯი და ნატო მხარს დაუჭერს საქართველოს მოთხოვნას MAP -ის მიღებაში, მას შემდეგაც არაერთხელ გაჟღერდა ეს აზრი. თუკი საქართველოს მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ გზა ჩაიკეტა, თავისთავად გაჩნდება კითხვა: მაშ, რატომ მივყვებით ამ გზას? ამას მოჰყვება სხვა შეკითხვაც: თუკი ნატო, როგორც უსაფრთხოების ვარიანტი, არ მიიღებს საქართველოს, მაშინ რა ძალა დაიცავს საქართველოს რეგიონალური საფრთხეებისგან?
ჩვენ გვჭირდება სამოქმედო გეგმა და, საბოლოო ჯამში, ნატო-ს წევრობა იმისათვის, რომ გავაძლიეროთ საქართველოს უსაფრთხოება. ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტად არ განვიხილავთ ნატო-ს და მის სამხედრო პოტენციალს, და შესაბამისად, არ მოვიაზრებთ ალიანსს რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციაში. ჩვენ ცალმხრივად ვასრულებდით ძალის გამოუყენების ვალდებულებას და ჩვენი ამოცანაა მომავალშიც ავიცილოთ სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, რათა რეგიონში დამყარდეს მშვიდობა და სტაბილურობა.
საქართველოში ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოების საკითხში არსებობს კონსენსუსი, ფაქტობრივი და არა – თეორიული. ჩვენ გავატარეთ რეფორმები თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში, სამხედრო თვალსაზრისით ერთობლივ მოქმედებათა გაუმჯობესების მიზნით. ჩვენ დიდი წვლილი შევიტანეთ ნატო-ს ISAF-ის ოპერაციაში და ასევე ხმელთაშუაზღვის, საზღვაო ანტიტერორისტული დაზვერვის ოპერაციებში. ჩვენ ჩავერთვებით ავღანეთის 2015 წლის შემდგომ მისიაში. ჩვენ მზად ვართ გავიღოთ ყველაზე დიდი ფასეულობა – ჩვენი მეომარი ქალებისა და ვაჟების სიცოცხლე. კიდევ რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ან რის გაკეთებას მოელით ჩვენგან? ჩვენ არ გვსურს რაიმეს მიღება სხვის ხარჯზე. მთავარი შეკითხვა კი შემდეგნაირად ჟღერს: ვიზიარებთ თუ არა რუსეთის შეხედულებებს “ახლო სამეზობლოზე”, თუ ისევ ღია და დემოკრატიული ევროპის გზის იდეას ვემხრობით?
კონფრონტაციას ვერ ავცდებით. არსებობს ერთობლივი ინტერესები: სავაჭრო ურთიერთობები, ხალხის მიმოსვლა, ენერგორესურსები, რასაც ყველასთვის საერთო სარგებელი მოაქვს. ასევე საერთო გამოწვევაა ფუნდამენტალიზმი, რადიოაქტიური და ბიოლოგიური ნივთიერებების უკანონო გადატანა, აგრეთვე ადამიანებითა და ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობა. “თვალი თვალის წილ” მოქმედება საბოლოო ჯამში კოლექტიურ სიბრმავეს იწვევს. სამხრეთ კავკასიის რეგიონი ან არის ევროპის ნაწილი ან – პირდაპირ ან არასრულყოფილად – ჩვენ ვთანხმდებით რუსეთის მიერ შემოთავაზებულ “ახლო სამეზობლოს სივრცის” რეალობაზე.
ჩვენი მთავარი შეკითხვა კვლავ ძალაშია: თუკი სამოქმედო გეგმა ან ნატო-ს წევრობა არ დგას დღის წესრიგში, მაშ რა დგას დღის წესრიგში? თუკი ჩვენ ვერ ვპასუხობთ ამ შეკითხვას, მაშინ ჩანს, რომ არ გვაქვს საფუძველი ვირწმუნოთ, რომ საქმე გვაქვს დემოკრატიულად პასუხისმგებელ საგარეო პოლიტიკასთან.
მაგრამ თუკი აგრესიის თავიდან აცილების მიზანი მიღწეული იქნა ნატო-ს წევრობის გარეშეც, მაშინ ეს ალტერნატივა ნათლად უნდა იქნას ახსნილი ჩვენი მოკავშირეების მხრიდან, რათა ჩვენ ამ ვარიანტების კარგად აწონვის შესაძლებლობა გვქონდეს,
ჩვენ გვჭირდება თავდაჯერებულობა: “ჩვენ” – როგორც ევროპაში, “ჩვენ” – როგორც საქართველოში, “ჩვენ” – როგორც რუსეთში. თუ არავინ იცის, სად ვდგავართ, მაშინ ყველა შეეცდება ნიადაგი მოსინჯოს. თუკი საქართველო არ არის მნიშვნელოვანი, თუკი მოლდოვა არ არის მნიშვნელოვანი, თუკი უკრაინა არ არის მნიშვნელოვანი, მაშინ რაღაა მნიშვნელოვანი?! უელსის სამიტი ამ სტრატეგიულ ვადას განგვისაზღვრავს პასუხის მისაღებად და ამიტომაც პასუხის გაცემა გარდაუვალია,” – განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები