ირაკლი ჩიქოვანი: სიებთან დაკავშირებით, არავითარი დარღვევა არ არსებობს
“სიებთან დაკავშირებით არავითარი დარღვევა არ არსებობს”, – ამის შესახებ ზუგდიდში, “ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარტიის წარმომადგენლებისთვის გადაცემულ ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ სიაში არცერთი მონაცემი პირად ინფორმაციას არ წარმოადგენს.
„აღნიშნულ სიაში არცერთი მონაცემი პირად მონაცემს არ წარმოადგენს. შესაბამისად, სიებთან დაკავშირებით, არავითარი დარღვევა არ არსებობს. ეს არის მიღებული პრაქტიკა ძალიან ბევრ ქვეყანაში და ამ პრაქტიკას არჩევნების ორგანიზებულად ჩატარებისთვის ვიყენებთ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისში, №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. ამას გარდა, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები ტარდება.