გიორგი შენგელია: ზუგდიდელებს და სრულიად საქართველოს მშვიდობიან არჩევნებს ვუსურვებ და ასეც იქნება
ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ საკუთარი ხმა N28 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. კანდიდატის თქმით, მან ხმა ზუგდიდის განვითარებასა და უკეთეს მომავალს მისცა.
“ზუგდიდელებს და სრულიად საქართველოს ვუსურვებ მშვიდობიან არჩევნებს და ეს ასეც იქნება. ამომრჩევლები მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში მისცემენ ხმას. მე ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას, უკეთეს მომავალსა და უფრო კეთილ მოწყობილ ზუგდიდს, იმ პროექტებისას გაგრძელებას, რომელიც დაწყებულია. დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდელები ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ. განწყობა არის ბრწყინვალე. დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში, ზუგდიდელების განწყობიდან გამომდინარე. ყველა კანონდარღვევაზე იქნება რეაგირება. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ არჩევნები პირველივე ტურში დასრულდება”,- განაცხადა გიორგი შენგელიამ.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში, მათ შორის ზუგდიდში, მერის შუალედური არჩევნები იმართება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სულ 107 უბანია, ხოლო ამომრჩევლების რაოდენობა 120 837. ადგილობრივებს ხმის მიცემა საღამოს 20:00 საათამდე შეუძლიათ.
მერის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა მერმა, ლაშა გოგიამ თანამდებობა დატოვა. ის, ყოფილ ვიცე მერ, გია გულორდავასთან ერთად, ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.