ლევან ნატროშვილი: სიტუაციის გამწვავების მაღალი რისკი არსებობს – იმედია, ყველა მხარე გონივრულად მოიქცევა

„დამკვირვებელთა და მედიის წარმომადგენელთა 80% ზუგდიდში იქნება კონცენტრირებული“, – ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელმა, ლევან ნატროშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განუცხადეს, მათ წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესები და მოსალოდნელი საფრთხეები განიხილეს.

„ამ შეხვედრაზე მოგვაწოდეს ინფორმაცია, რამდენი საჩივარია დარეგისტრირებული ამ ეტაპზე და რას ეხებოდა ეს საჩივრები. მათი ინფორმაციით, აღნიშნული საჩივრები არ ეხებოდა მნიშვნელოვან კანონდარღვევებს. ასევე, მოგვაწოდეს ინფორმაცია იმ რაოდენობის შესახებ, რომლებიც გვაქვს დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების კუთხით. როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრი დამკვირვებელი იქნება ამ არჩევნებზე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის აზრით, დამკვირვებელთა და მედიის წარმომადგენელთა 80% ზუგდიდში იქნება კონცენტრირებული.

იმ რისკებზე ვისაუბრეთ, რაც ახლავს ამდენი ადამიანის კონცენტრაციას პატარა საარჩევნო ოლქში. სერიოზული რისკი და გამოწვევაა. როცა ამ რაოდენობას ვუყურებთ, ვაცნობიერებთ, რომ შესაძლოა, იყოს პრობლემა როგორც საარჩევნო უბანზე საკმარისი ფართის არარსებობის, ისე განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების ადამიანებს შორის კონფრონტაციის კუთხით.

ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთანაც გვქონდა კომუნიკაცია და ამ რისკებს ისინიც იაზრებენ. ვიცით, რომ პოლიციელების საკმაოდ დიდი რაოდენობა ჰყავთ მობილიზებული, რომლებიც საარჩევნო უბნებთან ახლოს იდგებიან და პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად ჩაერთვებიან. სიტუაციის გამწვავების საკმაოდ მაღალი რისკები არსებობს და იმედს ვიტოვებ, რომ ყველა მხარე გონივრულად მოიქცევა, რათა ამომრჩეველს საკუთარი ნების თავისუფლად დაფიქსირების შესაძლებლობა მიეცეს”, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები