არჩილ თალაკვაძე: “ნაციონალური მოძრაობა” ზუგდიდში არეულობისთვის ემზადება

“როგორც იცით, ხვალ, ზუგდიდში  შუალედური არჩევნები იმართება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  მუნიციპალიტეტის მერს ირჩევს. ყველა მონაცემით, რომელიც გვაქვს კარდაკარით და შიდა კვლევებით, ჩვენი კანდიდატი, გეგა შენგელია  უპირატესობას ფლობს და მაღალი აქტიურობის შემთხვევაში, მას აქვს რეალური შესაძლებლობა,  პირველივე ტურში გაიმარჯვოს,  ამიტომ მივმართავ და ვთხოვ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, ხვალ აქტიურად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, დააფიქსირონ თავიანთი არჩევანი და ამით ხელი შეუწყონ პირველივე ტურში გეგა შენგელიას გამარჯვებას”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციის აგრესიული კამპანია ბოლო დღეების განმავლობაში სწორედ იმ ფაქტით აიხსნება, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატს, გიორგი შენგელიას არჩევნების პირველ ტურში გამარჯვების რეალური შანსი აქვს.

“ჩვენი ინფორმაცით, “ნაციონალურ მოძრაობას” და მასთან დაკავშირებულ სატელიტ პარტიებს აქვთ იგივე მონაცემები, მათაც იციან, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატი ფლობს უპირატესობას, ამით აიხსნება ის, რომ ამ ბოლო დღეების განმავლობაში, მათი კამპანია აგრესიით შეიცვალა, პროვოკაციებითა და  მცდელობებით, რომ დესტაბილიზაცია მოხდეს არაერთ უბანზე. ისინი ემზადებიან არეულობისთვის, მათ ჰყავთ მობილიზებული სხვადსხვა ორგანიზაციები, რომელთა ნაწილი ახალ დარეგისტრირებულია და თუ ნახავთ საარჩევნო ადმინისტრაციისგან მოწოდებულ ინფორმაციას, იქ არის მთელი რიგი ორგანიზაციები, რომლებიც სინამდვილეში არ არიან შემდგარი  არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიაორგანიზაციები, მაგალითად, ასეთები არიან ჩამონათვალში: ორგანიზაცია ,,აპრიორი“,  ,,პოლიტიკოსთა სამართლის ობსერვატორია“ , მედიაპლატფორმა და მედიაკომპანია ,,სის პოპი“ და სხვა ახალი სახელები, რომლებიც მაღალი ალბათობით, სპეციალურად ზუგდიდის არჩევნებისთვის არის შექმნილი და ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებულთა უმრავლესობას ხვალ არჩევნებზე ექნება ზონდერის და პროვოკაციების მომწყობის ფუნქცია. ამას იმიტომ ვამბობთ,  რომ, რა თქმა უნდა, თითოეულ დარღვევაზე და წითელი ხაზების გადაკვეთაზე, რომელმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს თავისუფალ არჩევნებს, იქნება მყისიერი სამართლებრივი რეაგირება და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ზომებს იღებს ხელისუფლება, რომ თითოეული მოქალაქის თავისუფალი არჩევანი, თითოეული ხმა იყოს დაცული”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები