ირაკლი ღარიბაშვილი: წინა, ძალადობრივ ხელისუფლებასთან კოჰაბიტაცია ყველაზე დიდი შეცდომა იყო 

“მიხარია, რომ აქ შევიკრიბეთ და გვსურს, გავუზიაროთ ერთმანეთს მოსაზრებები; ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რაც თქვენ გაწუხებთ”, – ამ სიტყვებით მიმართა “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შემაჯამებელ შეხვედრაზე შეკრებილ ზესტაფონის მოსახლეობას.

მისი თქმით, მმართველ გუნდს კარგად ესმის, თუ რა არის მთავარი გამოწვევა ქართველი ხალხის წინაშე და ხელისუფლება მზად არის ამ გამოწვევის მისაღებად.
​ზესტაფონელ მოსახლეობასთან შეხვედრაზე ღარიბაშვილმა, ასევე, ისაუბრა წინა ხელისუფლების ძალადობრივ რეჟიმზე და აღნიშნა, რომ კოჰაბიტაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იყო.

“ჩვენ კარგად გვესმის, რომ მთავარი პრობლემა, მთავარი გამოწვევა ჩვენი ხალხის წინაშე – ეს არის სიღარიბე, უმუშევრობა, მძიმე სოციალური ფონი და ჩვენი ეკონომიური ვითარება, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა. ეს, რა თქმა უნდა, არ დაწყებულა არც 2012 წელს და არც 2016 წელს. მე შემთხვევით არ მიხსენებია ეს წლები. 2012 წელს ჩვენ, თქვენთან ერთად, სწორედ შეუპოვარი ხალხის მხარდაჭერით შევძელით შეუძლებელი, ჩვენი პარტიის თავმჯდომარის ლიდერობითა და ხელმძღვანელობით დავამარცხეთ და გავუშვით ხელისუფლებიდან მოძალადე პოლიტიკური ძალა – მე ვიტყოდი, ანტიეროვნული ძალა, რომელიც ქვეყანას მართავდა და ჩვენს ხალხს ჩაგრავდა; რომელიც, პირველ ყოვლისა, უსამართლოდ ექცეოდა ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ წერტილი დავუსვით მათ მოძალადეობრივ მმართველობას, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით, მაგრამ დღეს რა მივიღეთ. აღმოჩნდა, რომ ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ეს იყო ე.წ. კოჰაბიტაცია, მე არ მოვერიდები ამის თქმას. ჩვენ ყველა მოგვიწოდებდა, ჩვენი პარტნიორები, ჩვენი გუნდის შიგნით ვითომ პარტნიორები, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გზა და მე ახლა ვამბობ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა. ამ შეცდომას სჭირდება გამოსწორება და სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად, განახლებული ენერგიით გამოვასწორებთ ამ და სხვა შეცდომებს.

მე ძალიან კარგად მესმის მოსახლეობის გულისწყრომის. ჩვენ ახლახან გვქონდა შეხვედრა ჭიათურაში, სადაც ძალიან მძიმე ვითარებაა. ძალიან აღშფოთებულები და დათრგუნულები ვართ იქ არსებული ხალხის მდგომარეობით. ეს უნდა დასრულდეს, სახელმწიფო აღარ დაუშვებს ასეთ განუკითხაობას. მე მჯერა, რომ ეს პრობლემები მოგვარდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ქართული ოცნების” პოლიტიკური მდივნის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები პოლიტიკოსებად წოდებული კრიმინალები არიან, რომლებიც, ღარიბაშვილის თქმით, საქართველოსა და ქართველ ხალხზე არ ფიქრობენ.

“რაც შეეხება ზესტაფონს – მე ვახსენე მოძალადე რეჟიმი და ე.წ. ოპონენტები. ჩემთვის ისინი და მე, ამ შემთხვევაში, ვსაუბრობ არა მათ ამომრჩეველზე, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, უბრალოდ, შეცდომაში არიან შეყვანილნი, მე მათ ლიდერებზე ვსაუბრობ. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები არ არიან ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ხალხზე მოფიქრალი ადამიანები. მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი, პოლიტიკოსებად წოდებული კრიმინალები, რომლებიც ჯერ კიდევ ცდილობენ ჩვენი ქვეყნის განსაცდელში შეყვანას. ზესტაფონში რა პრობლემებიც მოვისმინეთ, ეს არის ხელოვნურად შექმნილი ინფრასტრუქტურული პრობლემები. ჩვენი ბრალია, მეგობრებო, თვითმმართველობის ბრალია ის, რაც ხდებოდა. ეს აღარ უნდა გაგრძელდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ამ შეცდომას გამოვასწორებთ.

სწორედ ამ მიზნით, ჩვენ დავასახელეთ ღირსეული კანდიდატი, ადგილობრივი, ზესტაფონელი – გიორგი გოგლიჩიძე, რომელიც, როგორც ჩემმა მეგობარმა – კახამ აღნიშნა, მართლაც მსხვერპლია წინა, ძალადობრივი, სასტიკი რეჟიმისა. კაცი ციხეში ჯანმრთელი შევიდა, უსამართლოდ, რაც მთავარია და გამოვიდა ისეთი, როგორიც გამოვიდა. მანამდე მისი ბიძა დაჩაგრეს და ნერვიულობით გარდაიცვალა. როგორ შეიძლება, ასეთი მძიმე წარსულის პოლიტიკურ ძალას კიდევ ჰქონდეს პრეტენზია, ან თუნდაც სურვილი ხელისუფლებასა და პოლიტიკაში დარჩენისა. ამიტომ, მეგობრებო, თქვენთან ერთად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ძალა სამუდამოდ დავასრულოთ ჩვენს ქვეყანაში”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები