კახი კალაძე: ჩვენ გვინდა თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა
თბილისის მერი, კახა კალაძე “ქართული ოცნების” ლიდერებთან – ირაკლი კობახიძესა და ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ზესტაფონის მოსახლეობას შეხვდა.
“დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზანია, კიდევ ერთხელ ვუთხრათ საზოგადოებას, კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ ჩვენი მხარდამჭერები, ჩვენი თანამებრძოლები, რომ ამ ქალაქს სჭირდება ადამიანი, ვინც შეძლებს, ღირსეულად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს გვაწუხებს ყველას, აწუხებს ზესტაფონსა და ზესტაფონელებს. ჩვენ 2012 წლის შემდეგ ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ, ბევრი იყო წარმატება, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ არსებობს სერიოზული პრობლემები, რომლებსაც სჭირდება ღირსეული პასუხი. ჩვენ ზესტაფონს წარვუდგინეთ ადამიანი, რომელიც, ჩვენ ვფიქრობთ, არის ღირსეული კანდიდატი. პირველ ყოვლისა, ის არის პატიოსანი ადამიანი და, სამწუხაროდ, ჩვენ ყველას გვახსოვს, წლების განმავლობაში როგორი რეჟიმი იყო ქვეყანაში, რა დამოკიდებულება და მიდგომები იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, როგორ ექცეოდნენ მათ. თითოეულმა თქვენგანმა ეს ყველაფერი იცის ძალიან კარგად. მე აქ ძალიან ბევრ ადამიანს ვხედავ, 2011-2012 წლებში ერთად ვიბრძოდით, ერთად დავდიოდით სოფელ-სოფელ იმისთვის რომ საზოგადოებისთვის აგვეხსნა, ის რეჟიმი ქვეყნისთვის იყო დამაზიანებელი.
გიორგი გოგლიჩიძე, შეიძლება ითქვას, რომ არის ნათელი მაგალითი და სამწუხაროა, რომ ის არის მსხვერპლი იმ ქმედებებისა, რასაც წინა ხელისუფლება, “ნაციონალური მოძრაობა”, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი აკეთებდა – როგორ ეპყრობოდა ადამიანებს.
ჩვენ ყველამ ერთად ვუთხარით არა ძალადობას, ადამიანების ჩაგვრას, ბიზნესის ჩამორთმევას. ჩვენ გვინდა თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა, სადაც განსხვავებული აზრის მოსმენა არ იქნება პრობლემა”, – განაცხადა კახი კალაძემ.
კალაძემ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემები დაძლევადია, მთავარია ქვეყანაში სიმშვიდე და სტაბილურობა იყო.
“ყველაზე მთავარი გამოწვევა დღეს, რაც ჩვენ გვაქვს, არის არსებული სოციალური მდგომარეობა, ეკონომიკური მდგომარეობა, სამუშაო ადგილები- ეს ყველაფერი არის დაძლევადი, მთავარია, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და ქვეყანაში სტაბილურობა. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად შევძლებთ ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა იმ პრობლემას, რომელიც აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ზესტაფონსა და ზესტაფონელებს”, – აღნიშნა კალაძემ.
კალაძის თქმით, ზესტაფონის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატს, გიორგი გოგლიჩიძეს ცენტრალური ხელისუფლებისგან სრული მხარდაჭერა აქვს.
“მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია, როცა შენ უკან დგას პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი. მარტო ერთმა ადამიანმა, მერწმუნეთ, რომ შეუძლებელია, რამე წინსვლაზე ილაპარაკოს ან პრობლემები მოაგვაროს, ერთი კაცი ვერაფერს გააკეთებს. მშიშვნელოვანია, ზურგს გიმაგრებდეს ძლიერი გუნდი და, ამ შემთხვევაში, გიორგის ჰყავს ძალიან ძლიერი გუნდი, ცენტრალური ხელისუფლების მაქსიმალური მხარდაჭერა, მაქსიმალური თანადგომა, რომ ის პრობლემები მოვაწესრიგოთ, რაც ყველაზე მეტად აწუხებს დღეს ზესტაფონს”, – განაცხადა კახი კალაძემ.